- მირიან მაისურაძემ ნახევარფინალში წააგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლა მოუწევს
- მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოსთვის ჯერჯერობით ოქროს გარეშე მიმდინარეობს
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ასპარეზობა სამ წონით კატეგორიაში გაიმართა და საქართველოს ნაკრების რიგებიდან მირიან მაისურაძეს ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.
მაისურაძემ (92 კგ.) ნახევარფინალში გასვლა შეძლო, სადაც მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ირანელ კამრან გორბან გასემპურთან 0:5 წააგო, შედეგად ფინალს მიღმა დარჩა. ნახევარფინალამდე მირიანმა იაპონელი სოშუკე ტაკატანი (2:1) და ყაზახი ადილეტ დავლუმბაიევი (12:2) დაამარცხა, 17 სექტემბერს კი ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის გავა და მისი მეტოქე კი რეპეშაჟიდან გაირკვევა.
გიორგი სულავას (74 კგ.) პირველივე მეტოქედ წონის ერთ-ერთი ფავორიტი ფრანკ ჩამიზო ერგო და იტალიელთან 8:14 დამარცხდა, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველი ფალავანიც რეპეშაჟს მიღმა აღმოჩნდა.
უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ.), რომელმაც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ლევან მეტრეველს 6:0 აჯობა, თუმცა შემდეგ იაპონელ ტიშიჰირო ჰასეგავასთან 2:8 დამარცხდა, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველ მოჭიდავეს რეპეშაჟის შანსი აღარ მიეცა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების რიგებიდან დღეს ბრინჯაოს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი იბრძოლებენ, ხოლო 17 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ 3 ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება - თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), ბექა ლომთაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).
კომენტარები