‘მე მინდა, რომ სხვებისთვის მაგალითი იყო’ - ხმამაღალი განაცხადია 11 წლის ბავშვისთვის...
სერენა ამერიკულ რეალობაში 9 წლის ასაკში, თავის დასთან, ვინუსთან ერთად გამოჩნდა. გამოჩნდა, როგორც ფენომენი, რომელზეც ‘ნიუ იორკ ტაიმსი’ წერდა. ამის შემდეგ თითქმის 30 წელია გასული და ეს სახელი ამერიკული ოცნების სიმბოლოდ და სინონიმად იქცა. სერენა არამხოლოდ დიდი ჩემპიონია, ალბათ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი, არამედ სოციალური ფენომენი, სიმბოლო, მაგალითი, ადამიანი, რომელმაც თავის გარშემო ახალი რეალობა შექმნა.
ყველამ ვიცით მის 23 დიდ სლემზე, რაც ქალთა პროფესიული ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ყველამ ვიცით მისი გამარჯვებების ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა სერენას მნიშვნელობა, მისი გავლენა, მისი ისტორიული მისია ამით არ ამოიწურება.

სერენამ ახალი გზა შექმნა. ჩოგბურთი ყოველთვის ელიტური, თავისებურად არისტოკრატიული სპორტი იყო. ეს არის სპორტი უფრო მეტად საშუალო და შეძლებული საზოგადოებრივი ფენებისთვის. ელემენტარულად ჩოგბურთის თამაში და მისი ეკიპირების შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამერიკულ რეალობაში ჩოგბურთი ყოველთვის თეთრკანიანების სპორტად მიიჩნეოდა, აფროამერიკული სამყაროსთვის კი უფრო ახლობელი, უფრო შინაურული სპორტის სახეობებს კალათბურთი და ამერიკული ფეხბურთი წარმოადგენდა.
რიჩარდ უილიამსმა, სერენას და ვინუსის მამამ, კომპტონში, პროვინციულ კალიფორნიულ ქალაქში, იქ, სადაც ჩოგბურთის ხეირიანი კორტიც კი არ მოიპოვებოდა და აფროამერიკელისთვის დიდ ჩოგბურთზე ფიქრი სიგიჟედ და უტოპიად ჩანდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თავისი შვილებისგან ჩოგბურთის ვარსკვლავები შეექმნა.

იმის შანსი, რომ მომავალი დიდი სლემის ჩემპიონები შეიძლება კომპტონის აფროამერიკულ ნაწილში გაზრდილიყვნენ, პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო. რიჩარდ უილიამსმა სხვანაირად გადაწყვიტა. სერენამ (და ვინუსმა) პრეცენდენტი შექმნა - ჩოგბურთისკენ გზა გაუხსნა ნაომი ოსაკას და კოკო გაუფისნაირ ახალგაზრდებს. ის, რაც სერენამდე ეპოქაში წარმოუდგენელი იყო, სერენამ რეალობად აქცია. მისი წყალობით აფროამერიკული საზოგადოებისთვის ჩოგბურთი შინაურ, საყვარელ სპორტად იქცა.
აქ მეორე ფაქტორიცაა - როგორი იყო სერენას გზა?! ჩოგბურთის ელიტარულ სამყაროში უილიამსები თავისი წესებით შემოიჭრნენ - უბრალოების, სინაღდის, ქუჩური სიხისტის და აგრესიის სული შემოიტანეს. უილიამსები საჩოგბურთო სამყარომ რთულად მიიღო - თავიდანვე ჩანდა, რომ ეს სხვა ხალხი იყო, სხვა წესებით თამაშობდნენ და ცხოვრობდნენ. სერენა ლეგენდად და სიმბოლოდ მხოლოდ ბოლო 10 წელიწადში იქცა, მხოლოდ მაშინ, როცა მისი შედეგების ისტორიული მასშტაბი ინტერპრეტაციის, თვალის დახუჭვის საშუალებას არავის უტოვებდა. მანამდე, დები უილიამსები და განსაკუთრებით სერენა, ჩოგბურთისთვის ცოტა შეუფერებელ უხეშობასთან, აგრესიასთან, აფროამერიკულ გამომწვევობასთან და პირდაპირობასთან ასოცირდებოდა. დარწმუნებული იყავით, საჩოგბურთო აუდიტორიისთვის რომელიმე ჟუსტინ ენინი ან მარტინა ჰინგისი უფრო იოლად მისაღები და საყვარელი სახე-სიმბოლო იქნებოდა.
სერენა სხვა იყო - ადამიანი, რომელიც კორტზე ისე გამოდიოდა, როგორც ომში. თამაშობდა კობის თუ ჯორდანისეული ამბიციით და აგრესიით. თამაშობდა ისე, თითქოს მეტოქის მოკვლა უნდოდა. საჩოგბურთო სამყაროსთვის ეს რაღაც ახალი და არცთუ ისე იოლად მისაღები აღმოჩნდა. დაუფარავი სიძულვილი და აგრესია მეტოქეებისადმი, მუქარა მსაჯებს, გამომწვევი ქცევა - ეს სერენას ამბები იყო, რომელიც ჩოგბურთის ცოტა ხელოვნურ და გადაპრანჭულ სამყაროს მის მიღებას ურთულებდა.
სერენას საინტერესო რამე აქვს ნათქვამი. ის არასოდეს ემეგობრება ან უახლოვდება სხვა მოთამაშეებს, რათა მათთან მეგობრობამ კორტზე მათ მიმართ ლოიალურობის, მათი შეცოდების ან სიბრალულის განცდა არ განუვითაროს. სერენას სურდა, რომ სხვა მოთამაშეები მხოლოდ მტრები, კონკურენტები ყოფილიყვნენ, რათა მოედანზე, როცა გამოვიდოდა ერთადერთი სურვილი ჰქონოდა - მათი განადგურება.
როჯერ უილიამსი 9 წლის სერენას ასე აღწერს: "ის პიტბულს გავს, თუკი დაგიჭირა, არასოდეს აღარ გაგიშვებს."
დაამატეთ ამას მისი უკიდურესი თავდაჯერება, რწმენა იმისა, რომ მასზე მაგარი არავინაა და მიხვდებით, რომ ის აბსოლუტური მენტალური მონსტრია.
‘ცუდად არ გაიგოთ, მაგრამ როცა კარგად ვთამაშობ, ჩემთან თამაშს აზრი უბრალოდ არ აქვს’ - სერენა უილიამსი.
მენტალურ უპირატესობასთან ერთად, სერენას და ზოგადად დებ უილიამსებს ყოველთვის ჰქონდათ ფიზიკური, ათლეტური უპირატესობა მეტოქეებთან. უილიამსებმა ქალთა ჩოგბურთი უფრო ათლეტურ სპორტად აქციეს.
სერენასთან მისი პირველი დიდი სლემის წაგებული ფინალის შემდეგ, ჯერ კიდევ შორეულ 90-იანებში მარტინა ჰიგინსმა აღიარა: "თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს შენელებული კადრი ვიყავი (ორიგინალში slow motion-ს ამბობს). ის ისე ძლიერად ურტყამდა..."

თუკი არსებობს ქალთა ჩოგბურთში სრულყოფილი იარაღი, ეს სერენას მოწოდებაა. მისი მოწოდება ისტორიული მასშტაბით სწრაფი, ზუსტი და ძლიერი იყო. მარტინა ნავრატილოვას საუკეთესო მოწოდება 167 კმ/სთ-ს აღწევდა. შტეფი გრაფი - 175 კმ/სთ-მდე ადიოდა, სერენას საუკეთესო მოწოდება 207 კმ/სთ გახლდათ, რაც ქალთა ჩოგბურთისთვის ძალიან მძლავრი იარაღია. შესაბამისად, კარიერის მანძილზე სერენას თამაშში საშუალოდ 7.4 ეისი ჰქონდა. მარტივად რომ ვთქვათ, სერენას მოწოდებაზე პასუხი თითქმის არ არსებობდა. მან ქალთა ჩოგბურთში უბრალოდ სხვა სიმძლავრეები შეიტანა.
დიდ ჩემპიონად მხოლოდ ძალა და ათლეტიზმი ვერ გაქცევს. ისევ მენტალურ საკითხებს უნდა დავუბრუნდეთ. წლების მანძილზე ქალთა ჩოგბურთში მხოლოდ სერენას ვუყურებდი. რიგით ტურნირებსაც არ ვაცდენდი. უკვე თითქმის ინტუიტიურად ვგრძნობდი მის თამაშს. ვიცოდი, როდის მოდიოდა მისი საუკეთესო თამაში. სერენას ჰქონდა უნიკალური უნარი, ეთამაშა საუკეთესო ჩოგბურთი ყველაზე კრიტიკულ და ყველაზე დაძაბულ მომენტებში. მისი მოწოდება ყველაზე ძლიერი და აგრესიული მაშინ ხდებოდა, როცა ყველაზე მეტად უჭირდა. გადამწყვეტ სეტში, მის მოწოდებაზე 40:0-ს უგებ?! ზედიზედ ორ ეისს ელოდე და კიდევ ერთ ჩაწოდებას, რომლის დროსაც ბურთს უბრალოდ შეეხები, თუმცა ვერ მოაბრუნებ. ასეთი რამეები ალბათ ათეულობით მაქვს ნანახი.
სერენას ჰქონდა იშვიათი უნარი, შინაგანი სიმტკიცის და აგრესიის ახალ დონეზე ასულიყო რთულ სიტუაციებში. რაც უფრო მეტი იყო ზეწოლა, მით უკეთესი ხდებოდა იგი. რაღაცნაირი ‘მკვლელის ინსტიქტიც’ ჰქონდა. კარიერაში უფრო მეტი სეტი 6:0-ზე აქვს მოგებული, ვიდრე 7:6 ან 7:5, ანუ ეს მეტოქეების აბსოლუტური მოსპობის, განადგურების სურვილს და მზაობას ნიშნავს. უფრო მეტი შანსია, მან არცერთი გეიმი არ მოგაგებინოს, ვიდრე თუნდაც სეტის დაძაბვის საშუალება მოგცეს.უფრო მეტი 6:1 აქვს მოგებული, ვიდრე 6:4 - ესეც იმავე ტიპის სტატისტიკაა.
კარიერაში მატჩების 85 პროცენტი აქვს მოგებული და 68 პროცენტი ორ სეტში მოიგო, ანუ მეტოქეს სეტიც არ მისცა. სერენასთან თამაში თითქმის ორი ათწლეული განადგურებას, დემონტაჟს ნიშნავდა. უბრალოდ არ ვიცი არცერთი ჩოგბურთელი, რომელსაც მასთან შანსი ჰქონდა. შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის 20 წლის მანძილზე მან ბევრი დიდი მეტოქე მოილია და ყველასთან დადებითი შედეგი აქვს - ლინდსი დევენპორტიდან და ჯენიფერ კაპრიატიდან დაწყებული - ვიქტორია აზარენკათი დამთავრებული.

სერენასთან დაკავშირებული ჩემი საყვარელი ისტორია მარია შარაპოვასთან მის ურთიერთობას და თამაშს ეხება. 2004 წელს, 17 წლის შარაპოვამ სერენას, მაშინ უკვე ლეგენდარულ მოთამაშეს და დიდი სლემების მრავალგზის ჩემპიონს, ყველასთვის მოულოდნელად უიმბლდონის ფინალი მოუგო. ეს უდიდესი სენსაცია იყო. საჩოგბურთო სამყაროსთვის მარია თავისი ბევრად უფრო მომგებიანი მარკეტინგული იმიჯით უფრო სიმპათიური პერსონაჟი იყო, ვიდრე სერენა. ხალხი მარიასკენ იყო, ამის თქმა მინდა.
შარაპოვა იხსენებდა, რომ თამაშის მერე გასახდელში მან შემთხვევით დაინახა, როგორ ტიროდა სერენა და სერენას ეს არასოდეს დავიწყებია. იმავე წელს სერენას მატჩ-რევანშის შანსი მიეცა, თუმცა პირველი მოგებული სეტის შემდეგ ისევ წააგო. საჩოგბურთო სამყარო ალაპარაკდა იმაზე, თუ როგორ დაასრულებდა მარია დები უილიამსების ჰეგემონიას. ორიოდე თვეში სერენამ შარაპოვას ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ეპიკური ომი მოუგო - პირველი წაგებული სეტის შემდეგ თამაშში დაბრუნდა და გადამწყვეტ სეტში ნერვების ბრძოლაში 8:6 გაიმარჯვა
სერენას არასოდეს დავიწყებია 2004-ში შარაპოვასთან მარცხი. არც ის დავიწყებია, თუ როგორ ალაპარაკდა საჩოგბურთო სამყარო უილიამსების ჰეგემონიის დასასრულზე. მისთვის შარაპოვას განადგურება, მისი მოსპობა, მისი დასჯა იდეაფიქსად იქცა. 2005 წლის შემდეგ სერენა შარაპოვას 14 წლის განმავლობაში უკიდურესი სიძულვილით და აგრესიით უსწორდებოდა. მარიას ის მოგებული ფინალი უიმბლდონზე ძალიან ძვირი დაუჯდა. სერენამ მას ზედიზედ 19 თამაში მოუგო და არცერთხელ არ წაუგია. ლონდონის ოლიმპიადის ფინალში საერთოდაც 6:0, 6:1 გაანადგურა. მათ ერთმანეთი არც კორტის მიღმა უყვარდათ. ან კი რატომ უნდა ყვარებოდათ, როცა სრულიად განსხვავებულ პერსონაჟებს წარმოადგენდნენ. შარაპოვა ყოველთვის ცდილობდა 'იდეალური' ყოფილიყო და ცოტა ხელოვნურად, ზედმეტად სწორი იყო, სერენა კი - ყოველთვის ბუნებრივი იყო და არასოდეს ედარდებოდა, მასზე ვინ რას ამბობდა.
ამ ისტორიაში ძალიან კარგად ჩანს სერენა და მისი ხასიათი. თითქმის 30 წელი ყველამ იცოდა, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება, თუკი სერენამ შენ მტრად, კონკურენტად მიგიჩნია. სწორედ ამიტომ, მისი დაუფარავად ეშინოდათ მოწინააღმდეგეებს და აღნიშნავდნენ, რომ სერენას აქვს უნარი, შეგაშინოს, თამაშის სურვილი დაგაკარგვინოს. გამოდიხარ კორტზე და იცი, რომ არამხოლოდ წააგებ, არამედ გადაგივლიან, გაგისწორდებიან, მენტალურად და ფიზიკურად გაგანადგურებენ. ჩოგბურთი უკონტაქტო სპორტია, მეტოქეს 30 მეტრიდან უყურებ, თუმცა თავისი ზემძლავრი დარტყმებით, სხეულის ენით, აგრესიული შეძახილებით და რაღაცნაირი გამანადგურებელი აურით, სერენას უნარი ჰქონდა, ეს თამაში ძალადობრივად, აგრესიულად ექცია. მეტოქეზე ზემოქმედებას ამ 30 მეტრიდანაც ახდენდა.

სერენას 5-ჯერ ჰქონდა სეზონური წელიწადი, როცა თავისი მატჩების 90 პროცენტზე მეტი მოიგო. ზოგადად, რომ არა ტრავმები, მისი შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. სერენამ ქალთა ჩოგბურთი განვითარების სხვა დონეზე აიყვანა - ის როჯერის, რაფას და ნოლეს კალიბრის ვარსკვლავი იყო. არაფრით ნაკლები.
‘ხანდახან ამ სამყაროში იყო ქალი, შავკანიანი ქალი, ნიშნავს, რომ ცხოვრებაში თითქოს უფრო ცოტას უნდა დათანხმდე. სერენამ, მისმა მაგალითმა მასწავლა, რომ არასოდეს დავთანხმდე უფრო ცოტას, ვიდრე ვიმსახურებ.’ - კოკო გაუფი
მისი სიდიადის მაჩვენებელი მისი კარიერის ხანგრძლივობაც იყო. ლეგენდად სერენა უკვე 2010-იანებში იქცა - როცა ტრავმების შემდეგ, თითქმის ყველასგან ჩამოწერილი ისევ დაბრუნდა, კიდევ ერთხელ შეცვალა თავისი თამაში და 30-35 წლის ასაკში თავისი საუკეთესო ჩოგბურთი ითამაშა. ამ პერიოდის სერენა თანაბრად მაგარი იყო უიმბლდონის სწრაფ და როლან გაროსის ნელ კორტებზეც. სამი კარიერული როლან გაროსი აქვს და ამ პერიოდში ერთხელ თიხაზე 28-მატჩიანი წაუგებელი სერიაც ჰქონდა. ეს ნადალის მასშტაბის დომინაციაა. მისი სტატისტიკური მაჩვენებლები ყველა საფარზე დაახლოებით იდენტურია. ესეც იშვიათი მიღწევაა. ამ პერიოდში სერენამ ყველა აიძულა, მიეღოთ ის ისეთი, როგორიც იყო და ეღიარებინათ, რომ ჩოგბურთის ისტორიაში ის უდიდესია.
არის ერთი გამოთქმა, რომელიც არ მიყვარს - "ძლიერი ქალი". თითქოს ძლიერი ქალი გამონაკლისია, თუ იმას ნიშნავს, რომ ძლიერია, მაგრამ კაცივით ვერა. არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ ეს გამოთქმა არ მომწონს. სერენა უბრალოდ ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი იყო. დაკონკრეტებას არ საჭიროებდა. ჩოგბურთი ერთი თამაში იყო მის მისვლამდე და სხვა თამაშად დარჩება მისი წასვლის შემდეგ.
კომენტარები