Thumbnail

ევრობასკეტი 2022-ის მე-2 ფინალისტი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი გახდა, რომელმაც დრამატულ ნახევარფინალში მასპინძელ გერმანიას 91:91  სძლია. მატჩს მერსედეს ბენც არენაზე 14 073 მაყურებელი (ანშლაგი) დაესწრო და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს თამაში გაცილებით საინტერესო გამოდგა, ვიდრე - პირველი ნახევარფინალი (მასში საფრანგეთმა პოლონეთს 41 ქულის სხვაობით მოუგო). 

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გაქცევა ვიხილეთ. პირველ ტაიმში მეტწილად ესპანეთი ლიდერობდა და მე-2 მეოთხედში 41:32 დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ მასპინძლები შეუჩერებლები გახდნენ და დაახლოებით ხუთწუთიანი მონაკვეთი 23:5 მოიგეს. 

შედეგად, მე-3 მეოთხედის სტარტზე გერმანია 55:46 დაწინაურდა, რასაც უკვე ესპანელთა გაბრწყინება მოჰყვა. ძმები ერნანგომესებისა და ლორენსო ბრაუნის წინამძღოლობით, სტუმრებმა 13-ქულიანი (15:2) გაქცევა მოაწყვეს და ლიდერობა დაიბრუნეს, თუმცა, ბოლო ათწუთეულის წინ მაინც გერმანია იყო. შეუჩერებელი იყო დენის შრიოდერი, რომელსაც ამ დროისთვის უკვე 28 ქულა ჰქონდა, მისი გუნდი კი 71:65-ს იგებდა.

გერმანიას დენის შრიოდერის 30-მა ქულამ ვერ უშველა

ყველაფერი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელშიც ესპანეთმა კარგი დაცვა ითამაშა, შეტევაში კი ბრაუნი იყო შეუჩერებელი. შედეგად, გერმანიამ ერთი მონაკვეთი 13:0 მოიგო, ათწუთეულში კი 31:20 იმარჯვა, რაც საბოლოო წარმატების საფუძველი გახდა.

საბოლოოდ, ლორენსო ბრაუნმა 29 ქულას 6 პასი წაამატა, ვილი ერნანგომესმა 16 ქულა მოაგროვა, ხუანჩო ერნანგომესმა 13, ხოლო ალბერტო დიაზმა – 10. გერმანელებს 30 ქულითა და 8 პასით შრიოდერმა ულიდერა, რომელსაც 15-15 ქულით ანდრეას ობსტი და ფრანც ვაგნერი დაეხმარნენ.

ამგვარად, ევრობასკეტი 2022-ზე ჩასატარებელი ორი მატჩიღა დარჩა. 18 სექტემბერს ოქროს მედლებისთვის ესპანეთი და საფრანგეთი იბრძოლებენ, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი ერთმანეთს გერმანია და პოლონეთი დაუპირისპირდებიან. აქვე ვთქვათ, რომ ესპანელებს შანსი აქვთ ევროპის ჩემპიონატი მეოთხედ მოიგონ, საფრანგეთს კი ოქროს მედლები მხოლოდ ერთხელ მიუპოვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები