Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | გივი მაჭარაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა გამართა - თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ), ბექა ლომთაძემ (65 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ). მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ეს უკანასკნელი აგრძელებს, რომელიც ნახევარფინალში დამარცხდა და 18 სექტემბერს ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

გივი მაჭარაშვილმა ბელგრადში გამოსვლა ლიეტუველ ლუკას კრასაუსკასთან დამაჯერებელი გამარჯვებით (10-0) დაიწყო, რის შემდეგაც 1/8-ფინალში ყაზახ მამედ იბრაგიმოვს სძლია (8-2), ხოლო მეოთხედფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით მოასპარეზე, რუსეთის ნაკრების ყოფილ წევრ მაგომედგაჯი ნუროვს აჯობა (6-4). 

გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ჩრ.მაკედონიის სახელით მოასპარეზე ნუროვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 17 სექტემბერი, 2022

2019 წლის მინსკის თამაშების ფინალისტი მაჭარაშვილი ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ ყოფილ წევრთან, ამჟამად სლოვაკეთის წარმომადგენელ ბატირბეკ ცაკულოვთან დამარცხდა (0-10).

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ქართველი მოჭიდავის მეტოქე თურქ მუჯაჰით ჩელიკსა და უნგრელ ვლადისლავ ბაიცაევს შორის გამარჯვებული იქნება. 

1/8-ფინალური ბარიერი ვერ დაძლია თეიმურაზ ვანიშვილმა, რომელსაც მეტოქედ მონღოლი ნარანხუ ნარმანდახი ჰყავდა (2-10). საკვალიფიკაციო შეხვედრა დათმო ბექა ლომთაძემაც, რომელიც არგენტინელ აგუსტინ ალეხანდრო დესტრიბაცთან დამარცხდა (1-9).

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ბრინჯაოს სამი მედალია, რომელთა მოპოვება მირიან მაისურაძემ (92), ზურაბ იაკობიშვილმა (70) და გენო პეტრიაშვილმა (125) შეძლეს. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბელგრადის ტურნირში ორი ვერცხლი მოიპოვა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. ვიცე-ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55) და ლერი აბულაძე (63) გახდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები