Thumbnail

ევრობასკეტი 2025-ის ოთხივე მასპინძელი ქვეყანა ცნობილია

  • მომავალი ევრობასკეტი კვიპროსში, ფინეთში, ლატვიასა და პოლონეთში გაიმართება
  • ერთ-ერთი მასპინძელი უკრაინა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ომმა გეგმები შეცვალა

გადაწყდა, რომ მომდევნო, 2025 წელს გასამართი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი პოლონეთი იქნება.

სამი თანამასპინძელი აქამდეც ცნობილი იყო - ფიბა-ევროპამ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ჩატარების უფლება კვიპროსს, ფინეთს და ლატვიას მისცა. ამასთან, ლატვიის დედაქლაქ რიგაში გაიმართება ფინალური ეტაპიც. გასარკვევი იყო მხოლოდ მეოთხე მასპინძელი ქვეყნის საკითხი.

პოლონეთის კალათბურთის ფედერაციამ თავისი კანდიდატურა ფიბა-ევროპის საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე წარადგინა, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში FIBA Eurobasket 2022-ის ფინალური და მე-3 ადგილის მატჩის წინა დღეს გაიმართა.

ევრობასკეტი 2025-ის თანამასპინძლობის რეალური კანდიდატი უკრაინა იყო, მაგრამ ამ ქვეყანაში გაჩაღებული ომისა და არასტაბილური მდგომარეობის გამო, ფიბა-ევროპის საბჭომ ალტერნატიული ვარიანტი გამონახა და საბოლოოდ თანამასპინძლის სტატუსი პოლონეთს მისცა. 

პოლონეთის ქალაქი, რომელიც ევრობასკეტ 2025-ის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს, ფიბა-ევროპის ნოემბრის სესიაზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში 2015 წლიდან იმართება. ევრობასკეტ 2022-ის მასპინძელი, გერმანიასთან, ჩეხეთსა და იტალიასთან ერთად, საქართველოც იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები