Thumbnail

გერმანიის საკალათბურთო ნაკრებმა ბერლინში მიმდინარე ევრობასკეტი 2022-ზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. გორდი ჰერბერტის შეგირდებმა მერსედეს ბენც არენაზე გამართულ შეხვედრაში პოლონეთს 82:69 სძლიეს, თამაშის გმირი კი დენის შრიოდერი გახდა, რომელმაც 26 ქულას 6 პასი წაამატა.

საინტერესოა, რომ მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე გერმანელები მხოლოდ ერთ ქულას იგებდნენ (65:64), თუმცა, დარჩენილ დროში მეტოქეს 17:5 სძლიეს და საერთო ჯამში, სოლიდური უპირატესობით იმარჯვეს.

მასპინძლებმა 15 სამქულიანი ჩააგდეს, შრიოდერის გარდა კი, შედეგიანად ითამაშა იოჰანეს ვოიგტმანმაც. 5-დან 4 სამქულიანი და თითქმის ორმაგი დუბლი – 14 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი. 

ამჯერად, ჩვეულად კარგად ვერ გამოიყურებოდა პოლონელთა ლიდერი მატეუშ პონიტკა, რომელმაც მხოლოდ 9 ქულა მოაგროვა. დამარცხებულთა რიგებში 18 ქულით საუკეთესო მიხალ სოკოლოვსკი იყო, იაკუბ გარბაჩმა 12 ქულა მიითვალა, ეი ჯეი სლოტერმა კი – 10.

ცნობისთვის, გერმანიის საკალათბურთო ნაკრები ევროპირველობის კვარცხლბეკზე 2005 წლის შემდეგ პირველად ავიდა. მაშინ გერმანელები ფინალში იყვნენ და საბერძნეთთან 62:78 წააგეს. ევრობასკეტი 2022-ის გადამწყვეტი თამაში დღეს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება: ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები