Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიამ საფეხბურთო "ლა სკალად" წოდებულ ჯუზეპე მეაცას სახელობის ლეგენდარულ სტადიონზეც შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ნაპოლის ქართველ ფეხბურთელს მილანთან გოლი არ გაუტანია, მაგრამ გუნდის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. უფრო კონკრეტულად კი ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, რითაც ნეაპოლელებმა მილანში ანგარიში გახსნეს.

პირველ ტაიმში მილანის ფეხბურთელებმა 2 ყვითელი ბარათი მიიღეს და ორივე კვარაცხელიამ გამოიმუშავა: მსაჯს ჯერ სიმონ კიაერი და მერე დავიდე კალაბრია 'გააყვითლებინა'. საინტერესოა, რომ შესვენებაზე სტეფანო პიოლიმ ორივე მათგანი შეცვალა და მოედანზე მათ ნაცვლად სერჯინო დესტი და პიერ კალულუ შეიყვანა, თუმცა, მილანს ამ სვლამ არ უშველა.

ხვიჩამ პენალტი 51-ე წუთზე გამოიმუშავა, როდესაც სწორედ ხსედნებული დესტი მოატყუა და ამერიკელმა მცველმა ის საჯარიმოში წააქცია. მსაჯმა ჯერ კუთხურისკენ მიუთითა, თუმცა VAR-თან კონსულტაციების შედეგად, 11-მეტრიანი დანიშნა და ამ მომენტში დაწყებული შეხლა-შემოხლის შემდეგ, რადე კრუნიჩი გააფრთხილა. პენალტი მატეო პოლიტანომ გოლად აქცია - 0:1.

ხვიჩას წინააღმდეგ თამაშის წესები არაერთხელ დაირღვა

ამის შემდეგ მილანი უფრო გააქტიურდა და 69-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ ტეო ერნანდესის პასით გათანაბრებაც მოახერხა, მაგრამ სტეფანო პიოლის გუნდმა ეს მუხტი ვერ გამოიყენა, რადგან 9 წუთში ნეაპოლელები ისევ წინ გავიდნენ: მარიო რუის იდეალური პასის მერე ჯოვანი სიმეონემ თავით გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, ეს გამარჯვების გოლი იყო.

ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა 87-ე წუთზე შეცვალა და თამამად შეგვიძლია ეს შეხვედრა 21 წლის ქართველის აქტივში შევიტანოთ, რადგან მართლაც გამორჩეული იყო და ეჭვგარეშეა, რომ უკვე ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერია.

ამ გამარჯვების შედეგად ნაპოლიმ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ბერგამოს ატალანტასთან ერთად ლიდერობს. კვარას სეზონში შესანიშნავი მონაგარი აქვს - 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

ახლა, მსოფლიო ფეხბურთში სანაკრებო ბატალიების ჯერი დადგა და ხვიჩა კვარაცხელიაც საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომლის რიგებში ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო ნაპოლი უახლოეს მატჩს 1 ოქტომბერს, შინ, ტორინოსთან ჩაატარებს.

საინტერესო ფაქტები

მატეო პოლიტანოს ყველაზე მეტი გოლი მილანისთვის აქვს გატანილი (4) და ოთხჯერვე თავი "სან სიროზე" გამოიჩინა.

ოლივიე ჟირუმ სერია A-ში ზედიზედ მე-3 მატჩში გაიტანა და ასეთი კარგი სერია შიდა ჩემპიონატში პირველად აქვს 2020 წლის ივლისის შემდეგ, როცა ჩელსიში თამაშობდა.

მილანის 22-მატჩიანი წაუგებელი სერია (15 მოგება, 7 ფრე) შეწყდა.

მილანი 1:2 ნაპოლი

გოლები: 0:1 პოლიტანო (55. პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)

მილანი (4-2-3-1): მენიო - კალაბრია (46. დესტი), კიაერი (46. კალულუ), ტომორი, ტეო ერნანდესი - ტონალი, ბენასერი - სალმაეკერსი (66. მესიასი), დე კეტელაერე (82. ადლი), კრუნიჩი (66. დიასი) - ჟირუ.

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი (90. ოლივერა) - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი (87. ელმასი) - პოლიტანო (66. ძერბინი), რასპადორი (66. სიმეონე), კვარაცხელია (87. ნდომბელე).

კომენტარები

ბოლო ამბები