- ესპანეთი 88:76 საფრანგეთი
- მატჩის გმირი ხუანჩო ერნანგომესი გახდა, რომელმაც 27 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა
- ევრობასკეტი | გერმანიამ პოლონეთს მოუგო და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის ჩემპიონია! სერჯო სკარიოლოს გუნდმა, რომელიც თბილისში გამართულ ჯგუფურ ეტაპზეც ვიხილეთ, ბერლინში გამართულ ფინალში საფრანგეთს 88:76 სძლია და ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა.
საინტერესოა, რომ მე-2 მეოთხედში ესპანეთის ნაკრები 21 ქულის სხვაობით (47:26) დაწინაურდა და თითქოს, ფინალის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა, ფრანგები ასე არ ფოქრობდნენ. ვინსენ კოლეს შეგირდებმა მე-2 მეოთხედის ბოლო და მე-3 მეოთხედის სტარტი 20:2 მოიგეს და ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაღა დარჩა – 46:49.

სერჯო სკარიოლოს მორიგი წუთშესვენება აიღო, რამაც ესპანელები გამოაფხიზლა და მათი მცირე გაქცევის შემდეგ ანგარიში 58:46 გახდა. როგორც აღმოჩნდა, ეს გადამწყვეტი ეპიზოდი გამოდგა, რადგანაც დარჩენილ დროში ფრანგები მეტოქეს 6 ქულაზე ახლოს არ მიახლოებიან.
ფინალის გმირი ხუანჩო ერნანგომესი გახდა, რომელმაც 27 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, ვილი ერნანგომესს 14 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა, ლორენსო ბრაუნს - 14 ქულა და 11 პასი, ხაიმე ფერნანდეს კი - 13 ქულა.

ფრანგების მხრიდან გამორჩეულები ევან ფურნიე (23 ქულა), ტომა ერტელი (16 ქულა, 7 პასი) და გერშონ იაბუსელე (13 ქულა, 6 პასი) იყვნენ.
ცნობისთვის, ესპანელებმა ტურნირზე ერთადერთი მარცხი თბილისში გამართულ ჯგუფურ ეტაპზე ბელგიასთან განიცადეს (73:83), სამაგიეროდ, სძლიეს ბულგარეთს (114:87), საქართველოს (90:64), მონტენეგროს (82:65), თურქეთს (72:69), ლიეტუვას (102:94), ფინეთსა (100:90) და გერმანიას (96:91).
ევროპის პირველობის სიმბოლურ ხუთეულში ესპანეთის ნაკრების 2 კალათბურთელი მოხვდა: ბრაუნი და ვილი ერნანგომესი (ის ტურნირის MVP-ს ტიტულის მფლობელიც გახდა). მათ გარდა ბერძენი იანის ანტეტოკუნმპო, ფრანგი რუდი გობერი და გერმანელი დენის შრიოდერი გამოარჩიეს.
როგორც აღვნიშნეთ, ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა და თანაც მაშინ, როდესაც სკარიოლოს შეგირდებს ტურნირის უმთავრეს ფავორიტებს შორის არავიან მოიაზრებდა. ესპანელთა გასული ტრიუმფები 2009, 2011 და 2015 წლებს უკავშირდება.
კომენტარები