Thumbnail

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ნაპოლიმ გასვლაზე მილანი დაამარცხა (2:1), ხვიჩა კვარაცხელიამ კი პენალტის გამომუშავება მოახერხა, რომელიც მატეო პოლიტანომ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ხვიჩამ სიმონ კიაერსა და დავიდე კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა, მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კი შესვენებაზე ორივე მათგანი შეცვალა. იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ ამ საკითხზეც გააკეთა კომენტარი:

"კიაერი ყვითელი ბარათის გამო შევცვალე, რადგან ასეთი სწრაფი თავდამსხმელების წინააღმდეგ მისი დატოვება სარისკო იყო. კალაბრია იმიტომ გავიყვანე, რომ კუნთი დაეჭიმა, თორემ არ შევცვლიდი, რადგან ორივე ფაზაში კარგად თამაშობდა. დესტი შესანიშნავი ფეხბურთელია, ისევე, როგორც კვარაცხელია. მის წინააღმდეგ თამაში კალაბრიასაც გაუჭირდა. გულდაწყვეტილები და იმედგაცრუებულები ვართ, რადგან კარგად ვითამაშეთ და ეს მატჩი არ უნდა წაგვეგო".

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შედეგად ნაპოლიმ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ბერგამოს ატალანტასთან ერთად ლიდერობს. კვარას სეზონში შესანიშნავი მონაგარი აქვს - 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

ახლა, მსოფლიო ფეხბურთში სანაკრებო ბატალიების ჯერი დადგა და ხვიჩაც საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომლის რიგებში ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო ნაპოლი უახლოეს მატჩს 1 ოქტომბერს, შინ, ტორინოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები