Thumbnail

ბასილაშვილი მეცში ითამაშებს - მას თითქმის სამი თვეა არ მოუგია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს Moselle Open-ზე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ელის
  • 30 წლის ქართველ ჩოგბურთელს ბოლო ექვს მატჩში სეტიც კი არ აქვს აღებული

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში იმყოფება და მიმდინარე კვირაში მეცის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდიც 597 900 ევროა.

ბასილაშვილს Moselle Open-ზე მე-5 განთესვა გააჩნია და პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს ეთამაშება. თუკი ნიკამ ეს ბარიერი დასძლია, მერვედფინალში ესპანელ ხაუმე მუნარსა და ფრანგ არტურ რინდერკნეხს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ცნობისთვის, მეცში პირველ ნომრად რუსი დანიილ მედვედევია განთესილი, შემდეგ კი, პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი (ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული), იტალიელი ლორენცო მუსეტი და დანიელი ჰოლგერ რუნე მოდიან.

ბასილაშვილმა მეცში შარშანაც ითამაშა (მე-8 განთესვით) და იტალიელი ჯანლუკა მაგერი (6:3, 7:6) და ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა (0:6, 6:4, 7:6) დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ფრანგ გაელ მონფილსთან 3:6, 3:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება და ბოლო 6 მატჩი ისე აქვს წაგებული, რომ სეტიც კი არ აუღია. ბოლოს მან 29 აგვისტოს აშშ-ს ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც ჩინელ იპინ ვუსთან 3:6, 4:6, 0:6 დამარცხდა. ნიკას ბოლო წარმატება 29 ივნისით თარიღდება, როდესაც უიმბლდონზე ფრანგ ქუენტინ ჰალისს სძლია.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიერ დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში ნიკოლოზს 1 210 ქულა აქვს და 36-ე ადგილზე იმყოფება. ამაზე უარეს პოზიციაზე (39-ე) ბასილაშვილი გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ ყოფილა.

კომენტარები

ბოლო ამბები