Thumbnail
  • Hoopshype-მა ევრობასკეტზე NBA-ს კალათბურთელების თამაში შეაფასა
  • თუკი მამუკელაშვილს კარგი გამოხმაურება აქვს, იგივეს ვერ ვიტყვით ბითაძეზე

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Hoopshype გასულ ევრობასკეტზე NBA-ს მოთამაშეების გამოსვლა შეაფასა და მათ დონეები მიანიჭა. ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების კალათბურთელები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძეც მოხვდნენ და თუკი სანდროსთვის B- დონე საკმაოდ მისაღებია, გოგას შეფასება (C-) არცთუ სახარბიელოა. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი ქართველ ლეგიონერებზე.

სანდრო მამუკელაშვილი 

B- დონე
სტატისტიკა: 15.2 ქულა, 11.0 მოხსნა, 2.4 პასი

სანდრო მამუკელაშვილმა და საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი შინ ჩაატარეს და ტურნირის ერთ-ერთი მოულოდნელობაც შემოგვთავაზეს, როდესაც გოგა ბითაძის არყოფნის მიუხედავად, თურქეთის დამარცხება მოახერხეს. მილუოკი ბაქსის ფორვარდი გუნდის ლიდერად მოგვევლინა და ტრიბუნებიდან შეძახილი “მამუ” არაერთხელ გაისმა. აღნიშნული წარმატება მერვედფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა, მამუკელაშვილის ფიზიკური ფორმა და კონკურენტუნარიანობა ევრობასკეტზე კარგად გამოჩნდა.

გოგა ბითაძე

C- დონე
სტატისტიკა:
10.0 ქულა, 6.3 მოხსნა, 1.8 პასი.

ბითაძე ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთამაშე იყო, თუმცა, პირველივე მატჩში დაშავდა. მას მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ერთადერთ წარმატებულ მატჩში თურქეთთან, თუმცა, ნამდვილად ჰქონდა კარგი მომენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 23 ქულა ბულგარეთთან. საერთო ჯამში, ისეთი ტურნირი არ ჩაუტარებია, რომელიც ინდიანაში დარჩენილი ბოლო სეზონის წინ მას დამატებით თავდაჯერებულობას შემატებდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე NBA-ს 35-მდე კალათბურთელი ვიხილეთ და Hoopshype-მა უმაღლესი დონით (A) მხოლოდ 4 მათგანი შეაფასა. ესენი ვილი ერნანგომესი (ესპანეთი), დენის შრიოდერი (გერმანია), ლაური მარკანენი (ფინეთი) და იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი) არიან.

საინტერესოა, რომ ნიკოლა იოკიჩს (სერბეთი), ხუანჩო ერნანგომესს (ესპანეთი), სიმონე ფონტეკიოს (იტალია), ფრანც ვაგნერსა (გერმანია) და სვიატოსლავ მიხაილიუკს (უკრაინა) B+ ერგოთ. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის საფრანგეთის ნაკრებისა და მინესოტას ცენტრი რუდი გობერი, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელად ევრობასკეტი 2022-ის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლო ამბები