Thumbnail

საშინელი შეჯახება NFL-ში - ბაფალოს გამარჯვებაზე აღარავინ ფიქრობდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბაფალო ბილსისა და ტენესი ტაიტენსის მატჩში კინაღამ ტრაგედია დატრიალდა
  • დეინ ჯეკსონი თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

ეს იყო საშინელი მომენტი, რომელმაც ამერიკული ფეხბურთის სამყარო ძალიან შეაშინა და რომელმაც სუპერბოულის ფავორიტის მეორე გამარჯვება ყველას დაავიწყა.

ტენესი ტაიტენსთან 41:7-ით მოგებულ მატჩში, ბაფალო ბილის მოთამაშე დეინ ჯეკსონი თანაგუნდელს საშინლად დაეჯახა. მეტოქესთან ორთაბრძოლისას, ტრიმეინ ედმუნდსს მისი დახმარება სურდა, მაგრამ მეტოქის ნაცვლად, თანაგუნდელს შეასკდა.

გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, როგორ გადაუვარდა ჯეკსონს თავი უკან და ეს მომენტი ძალიან მძიმე სანახავია. მოედანზე მაშინვე გამოჩნდა სასწრაფო დახმარების მანქანა. მაყურებლებმა ტრიბუნებზე ლოცვა დაიწყეს, მათ იმედს მხოლოდ ის აძლევდა, რომ ჯეკსონი ფეხებს ამოძრავებდა. ის რენტგენის გადასაღებად და CT-სკანირებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.

საბოლოო დიაგნოზი ჯერაც უცნობია, თუმცა ცხადი გახდა, რომ ჯეკსონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “მას ხელების და ფეხების მოძრაობა შეუძლია, რაც კარგია, მაგრამ მაინც: დაველოდოთ ექიმების საბოლოო დიაგნოზს,” - განაცხადა ბილსის მთავარმა მწვრთნელმა შონ მაკდერმოტმა.

თამაში 10-წუთიანი პაუზის შემდეგ გაგრძელდა, თუმცა ნაკლები ხმაურით, ბაფალომ კი კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომაა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი.

კომენტარები

ბოლო ამბები