Thumbnail
  • ცნობილი რუსი კომენტატორი საზონოვის გაკეთებულ არჩევანს გამოეხმაურა
  • მისი თქმით, საქართველოს სახელით ითამაშებს კონსტანტინე მარადიშვილიც
  • რუსული მედიის ცნობით, სფფ კონსტანტინე მარადიშვილს არ დაკავშირებია

მოსკოვის დინამოს მცველის, საბა საზონოვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახების შემდეგ, სპორტული მოქალაქეობის საქართველოს სასარგებლოდ შეცვლას რუსეთში მოთამაშე კიდევ ერთი ფეხბურთელისგან ელოდებიან. 

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა საბა საზონოვთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა, ბოლოს კი დასძინა, რომ შემდეგი, ვინც არჩევანს საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთებს, მოსკოვის ლოკომოტივისა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი იქნება.

საბა საზონოვი უკვე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვარჯიშობს
📷 | Nakrebi.ge

აი, რას წერს ანდრონოვი თავის "ტელეგრამზე":

"აქ  საკითხავი (ნორმალური ადამიანებისთვის) არ არის "რა მოხდა", მაგრამ საკითხავია, "როგორ". ის, რომ დინამოს მცველი საბა საზონოვი საქართველოს ნაკრების ვარიანტს განიხილავდა, ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს შევიტყვე. ინსაიდერებმა არ დამაღალატეს.

რაც საზონოვმა გააკეთა, აბსოლუტურად გასაგებია. მან საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღო, რისი უფლებაც ჰქონდა. უარი თქვა რუსეთისაზე იმის გამო, რომ მისი ფასი 0-ის ტოლია (ვგულისხმობ სპორტულ და საფეხბურთო). ლოდინს აზრი არ აქვს. ევრო 2024 არ იქნება. ბოსნიასთან მატჩი არ იქნება 95%-ით. ყირგიზეთთანაც კი პრობლემებია... ფეხბურთელი კი უნდა თამაშობდეს, მათ შორის, ნაკრებშიც. მით უმეტეს, საქართველო ერთა ლიგაში ბრწყინავს (10 ქულა 4 მატჩში), ჰყავთ ბრწყინვალე ახალგაზრდა თაობა ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით...

მაგრამ, საკითხავია, როგორ მოხდა ეს. არ შეიძლებოდა მწვრთნელისთვის დარეკვა? პირადად საბასგან თუ არა, მისი აგენტისგან? რა იყო აქ დასაძრახი?...

PS. ჩემი ინფორმაციით, შემდეგი მარადიშვილი იქნება." 

კონსტანტინე მარადიშვილი კარპინს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მიწვეული ჰყავდა

კონსტანტინე მარადიშვილი, რომელსაც აქვს რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობა, მოსკოვის ცსკა-ს აღზრდილია და 2021 წლამდე ამ კლუბის ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც მოსკოვის ლოკომოტივში გადავიდა. ნახევარმცველს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში 11 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მისი მიწვევით ინტერესდებოდა რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინიც, თუმცა ფეხბურთელს მთავარ გუნდში დებიუტი არ ჰქონია.

ამავდროულად, რუსული მედია წერს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კონსტანტინე მარადიშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობასთან დაკავშირებით არ დაკონტაქტებია. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და იქ ომის გაჩაღების შემდეგ (24 თებერვალს), ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებს ჩამოაშორეს.

ალეკსეი ანდრონოვს არაერთხელ გამოუხატავს მხარდაჭერა როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართაც. მაგალითად, 2021 წლის ზაფხულში ის უკრაინის ნაკრების მაისურების თემას გამოეხმაურა, რომელზეც ქვეყნის სრული ტერიტორიის კონტური, ყირიმის ჩათვლითაა აღბეჭდილი. “დიახ, უკრაინა ხატავდა, ხატავს და მომავალშიც დახატავს თავის რუკას - ყირიმთან ერთად. დიახ, საქართველოც იმავეს გააკეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. დიახ, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი მიიჩნევენ სსრკ-ს ოკუპანტად. დიახ, ეს ასეა! - წერდა ანდრონოვი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

ბოლო ამბები