Thumbnail
  • პეპს მაქსიმალურად სურს გუნდის ლიდერს ტრავმები აარიდოს
  • მანჩესტერ სიტიმ მსგავს პრაქტიკას წარსულშიც მიმართა

როგორც ირკვევა, პეპ გვარდიოლა ერლინგ ჰაალანდს მკაცრად აკონტროლებს, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. ესპანელი სპეციალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი გუნდის ვარსკვლავი მუდმივად კარგ ფორმაში იყოს.

ჰაალანდი ახლა სანაკრებო შეკრებაზეა და ნორვეგიასთან ერთად ერთა ლიგის მოახლოებული თამაშებისთვის ემზადება: სკანდინავიელები ჯერ - სლოვენიას (24 სექტემბერს), ხოლო შემდეგ სერბეთს (27 სექტემბერს) დაუპირისპირდებიან.

ერლინგის ყოველდღიური რუტინის გასაკონტროლებლად მანჩესტერ სიტიმ ნორვეგიაში სამედიცინო პერსონალის წევრი გააგზავნა. მარიო პაფუნდი სპორტული თერაპევტია, იგი 22 წლის შემტევს გუნდში მისვლის შემდეგ ძალიან დაუახლოვდა და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

პაფუნდის ნორვეგიის ნაკრებთან ერთად ყოფნას გუნდის მთავარი მწვრთნელი სტელ სოლბაკენიც ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაფუნდის ევალება ჰაალანდს იმ რეჟიმის შენარჩუნებაში დაეხმაროს, რომელიც მანჩესტერში ყოფნისას აქვს.

ნორვეგიელს გასულ სეზონში მცირე ტრავმები აწუხებდა, რის გამოც დორტმუნდის ბორუსიას 16 შეხვედრაში ვერ დაეხმარა. როგორც ჩანს "ქალაქელებს" მსგავსი შემთხვევის თავიდან არიდება მაქსიმალურად სურთ.  

სხვათა შორის, მსგავსი რამ მანჩესტერ სიტისთვის პირველი შემთხვევა არ არის. ინგლისურმა კლუბმა ამ პრაქტიკას წარსულშიც მიმართა, როდესაც იგივე კევინ დე ბრუინთანა და სერხიო აგუეროსთან დაკავშირებით მოიმოქმედა.

კომენტარები

ბოლო ამბები