Thumbnail

ფორმულა 1 | ახალი რეკორდი და ლას ვეგასის რბოლა - კალენდარი გაირკვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფორმულა 1-მა მომდევნო სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა
  • 2023 წელს ჯამში 24 რბოლა გაიმართება, რაც რეკორდია

არის ახალი რეკორდი! ფორმულა 1-მა მომდევნო, 2023 წლის სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა - დაგეგმილია ჯამში 24 რბოლა, ამდენი კი აქამდე ერთ სეზონში არასდროს ჩატარებულა.

რაც ყველაზე საინტერესოა: ბელგიის გრანპრის საფრთხე არ ემუქრება - როგორც იცით, იყო საუბრები, რომ სპა-ს კალენდრიდან ამოიღებდნენ, რადგან ფორმულა 1-ის შეფები სამხრეთ აფრიკასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. როგორც ჩანს, მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო - მიხაელ შუმახერის საყვარელი სპა კალენდარში რჩება.

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფორმულა 1-ის რბოლებისადმი ასეთი დიდი ინტერესი აქამდე არასდროს ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ სწორი ბალანსი გვქონდეს. გვიხარია, რომ დაგვემატება ლას ვეგასის რბოლა და შენარჩუნდება ევროპის, აზიისა და ამერიკის პოპულარული რბოლები,” - ეს ფორმულა 1-ის შეფის, სტეფანო დომენიკალის სიტყვებია.

2023 წლიდან კალენდარს კატარისა და ლას ვეგასის რბოლები ემატება. შეგახსენებთ, რომ კატარში რბოლა 2021 წელსაც გაიმართა. ავტოსპორტის რომანტიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ მონაკოს გრანპრიც კალენდარში რჩება. ბოლო დროს იყო საუბრები იმის შესახებაც, რომ მონაკოს რბოლასაც გააუქმებდნენ.

სამწუხაროდ, კალენდარში გერმანია არ არის - არც ჰოკენჰაიმრინგი და არც ნიურბურგრინგი. ბოლოს გერმანიაში რბოლა 2020 წელს ჩატარდა და ისიც იმიტომ, რომ კორონავირუსის პანდემიამ კალენდარი შეცვალა.

Fia-ს პრეზიდენტი მოჰამედ ბე სულაიემი აცხადებს, რომ 24 რბოლა ფორმულა 1-ის პოპულარობის ზრდის დამადასტურებელია. როგორც იცით, წელს სულ 22 რბოლა ტარდება. აღსანიშნავია, რომ თავიდან 23 გრანპრი იყო დაგეგმილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, სოჭის რბოლა გაუქმდა. რუსეთი ფორმულა 1-ს ვერც გაისად უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები