Thumbnail

ნაპოლის ყოფილმა მეკარე ჯენარო იეცომ მილანისა და ნაპოლის მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

49 წლის ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, მას ქართველი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს, მაგრამ კონკრეტულად მილანთან მისი თამაშით კმაყოფილი არ დარჩა. როგორც იეცომ აღნიშნა, კვარას ერთი ნაკლი აქვს, რომლის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს.

"მე პირადად მისმა თამაშმა არ აღმაფრთოვანა - მიუხედავად იმისა, რომ მის ოსტატობას ვაღიარებ. ზოგჯერ ის არასწორ არჩევანს აკეთებს, ჯიუტად ცდილობს ინდივიდუალურად თამაშს, რაც ნეაპოლელთა დაცვას საფრთხეს უქმნის. ეს არის ნაკლი, რომელიც მან უნდა გამოასწოროს, რათა დიდი ფეხბურთელი გახდეს. მილანთან ნაპოლიმ ქართველის მოქმედებების გამო რამდენიმე კონტრშეტევა მიიღო", - თქვა იეცომ, რომელიც ნაპოლიში 2005-2011 წლებში თამაშობდა.

სხვათა შორის, იეცომ რამდენიმე დღის წინ ისიც თქვა, რომ კვარაცხელია კაკაზე ტექნიკური და მასზე უკეთესი ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი მიითვალა და 2 პენალტი მოიპოვა. გარდა ამისა, სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები