- ლიონელ მესიმ ბარსელონა შარშან დატოვა
- El Mundo წერს, რა მოთხოვნები ჰქონდა არგენტინელს
ბარსელონაში ლიონელ მესის უკანასკნელი პრესკონფერენციის ფოტოები და ვიდეოები ხომ კარგად გახსოვთ?
იმ კადრების დავიწყება ძნელია - არგენტინელი სუპერვარსკვლავი კატალონიურ გრანდს ცრემლებით დაემშვიდობა და თქვა, რომ ბარსას დატოვება ვერასდროს წარმოედგინა.

ახლა ერთ-ერთი უდიდესი ესპანური გამოცემა El Mundo წერს, რომ გაარკვია, რა მოთხოვნები წაუყენა მესიმ ბარსელონას ჯერ კიდევ 2020 წელს იმისათვის, რომ ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა.
🟠 პირველ რიგში, მესი 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდა - 2023 წლამდე.
🟠 მის მოთხოვნებში იყო ასევე პირადი VIP-ლოჟა “კამპ ნოუზე” თავისი ოჯახისთვის და ასევე ლუის სუარესისთვის.
🟠 მესი ითხოვდა 10 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსს კონტრაქტზე ხელმოწერისთვის.
🟠 ლეოს სურდა, რომ ახალ კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხა არ ყოფილი ასტრონომიული, არამედ სიმბოლური და რეალური.
🟠 კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხელფასის შემცირებაზე თანახმა იყო, მაგრამ მოგვიანებით დანაკლისის ანაზღაურებას 3-პროცენტიანი ნამატით ითხოვდა.
🟠 გარდა ამ ყველაფრისა, მესის სურდა, რომ შობის დღესასწაულისთვის ბარსელონას მისთვის პირადი თვითმფრინავი დაეფინანსებინა.
🟠 და კიდევ: მისი მოთხოვნა იყო, რომ გადასახადების გაზრდის შემთხვევაში ყველა დამატებითი ხარჯი ბარსელონას დაეფარა.
ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები თითქმის ყველა პუნქტზე თანახმა იყვნენ. ბარსას ორი რამ არ უნდოდა კატეგორიულად: კონტრაქტიდან მესის გამოსასყიდი თანხის პუნქტის ამოღება ან იქ სიმბოლური თანხის ჩაწერა და კონტრაქტის გაგრძელებისთვის ბონუსის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა. El Mundo წერს, რომ მესის მხარემ მოლაპარაკებები ამის გამო შეწყვიტა.
ერთი წლის შემდეგ, როცა ბარსელონას პრეზიდენტი უკვე ჟოან ლაპორტა გახდა, კიდევ გაიმართა მოლაპარაკებები. ბარსა ხსენებული პუნქტების შესრულებაზე ისევ უარს ამბობდა. შეთანხმება არ შედგა.
საფეხბურთო სამყარო ახლა მესის ან მისი წარმომადგენლის კომენტარის მოლოდინშია.
კომენტარები