Thumbnail

ტოჩინოშინის მე-7 მარცხი - ის ურთულესი მისიის წინაშე დგას

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ იაპონელ რიუდენთან იორიკირით წააგო
  • მას აკი ბაშოზე წაფორხილების უფლება აღარ აქვს

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე მორიგი მარცხი განიცადა და ურთულესი მისიის წინაშე დგას.

აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დღეს დასავლეთის მე-12 მაეგაშირა რიუდენს გაეჯიბრა და იორიკირით წააგო. ორთაბრძოლა მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც 31 წლის იაპონელმა სეკიტორმა სასურველი ჩავლება აიღო და ქართველი დოჰიოს მიღმა გაიყვანა.

შედეგად, ტოჩინოშინს 4 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აკი ბაშოზე წაფორხილების უფლება აღარ აქვს. იმისთვის, რომ გორგოძემ ტოკიოში დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსიროს, დარჩენილი ოთხივე შერკინების მოგება მართებს.

უკვე ცნობილია, რომ სექტემბრის სუპერტურნირის მე-12 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ჰირადოუმი იქნება, რომელსაც ამ დროისთვის მინიმალური უარყოფითი ბალანსი (5-6) გააჩნია. ეს უკანასკნელი ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში სადებიუტო ტურნირს ატარებს და გასაკვირი არაა, რომ ქართველი სუმოისტი მას პირველად დაუპირისპირდება.

📺 ტოჩინოშინი V რიუდენი

კომენტარები

ბოლო ამბები