მახსოვს, ფედერერის თამაში პირველად 2005 წლის US Open-ის ფინალში ვნახე.
კორტის მეორე მხარეს ლეგენდარული ანდრე აგასი იდგა, ვეტერანი - ნელი, დაღლილი, მაგრამ ამაყი, ამპარტავანი და შეუპოვარი. პუბლიკა სწორედ ამ კაცს ქომაგობდა, მის ყოველ მოპოვებულ ქულას აღნიშნავდა.
მაშინ აგასის ბრწინვალე კარიერა ბოლო აკორდებს ითვლიდა. ამ დროს კი ერთი მორიდებული შვეიცარიელი იმას აკეთებდა, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა, უბრალოდ, მეტოქეს შლიდა, ანადგურებდა. თანაც, ამას ისე უმტკივნეულოდ, ისე ლამაზად აკეთებდა, რომ გაორებულმა გრძნობამ შემიპყრო: იმ მომენტში ვერ გამეგო, ვისთვის მეგულშემატკვივრა - 35 წლის აგასისთვის, რომელმაც პირველი საჩოგბურთო ემოციები მეოთხედფინალში ჯეიმს ბლეიკის დამარცხებით მომანიჭა, თუ ფედერერისთვის, რომელიც კორტზე ცეკვავდა. ჩოგბურთს ახალი გმირი სჭირდებოდა - ისევე, როგორც მე.

იმ ტრიუმფალური მატჩის შემდეგ როჯერ ფედერერის გულშემატკივარი გავხდი და აგერ უკვე 17 წელია, მის თითოეულ შეხვედრას მოუთმენლად ველი. რამდენიმე დღეში მაესტრო კორტზე უკანასკნელად გავა.
იცით, როგორი განცდა მაქვს? დაახლოებით მსგავსი ემოცია 2006 წლის აპრილში მქონდა, როცა ზინედინ ზიდანმა სპორტიდან წასვლა შემდეგი სიტყვებით გვამცნო: “სცენიდან წასვლის დრო მოვიდა”. როჯერ ფედერერის კარიერა გუსტავ მალერის მე-3 სიმფონიის მსგავსია - ხანგრძლივი, მრავალფეროვანი და გრაციოზული. იგი სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ავანგარდისტული სულისკვეთებითაა გაჯერებული, რომელიც არ გინდა, დასრულდეს.
“12 წლის ასაკში საშინლად ვთამაშობდი. მშობლებს ჩემი თამაშის ყურება რცხვენოდათ"...
მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. როჯერმა ჩოგბურთის თამაში 8 წლის ასაკში დაიწყო. მას ბავშვობაში ფინანსური პრობლემები არ უგრძნია, მამა შვეიცარიელი ჰყავს, დედა - სამხრეთაფრიკელი. ისინი პატარა როჯერს ყველანაირ პირობებს უქმნიდნენ იმისთვის, რომ ელიტურ სპორტში თავი კომფორტულად ეგრძნო.

ფედერერი იხსენებს: “12 წლის ასაკში საშინლად ვთამაშობდი. მშობლებს ჩემი თამაშის ყურების რცხვენოდათ. ადგილობრივი კლუბის კორტზე ვთამაშობდი, ისინი აივნიდან მიყურებდნენ. ვყვიროდი: “წადით, მარტო დამტოვეთ!”. ბოლოს ყველანი ერთად მანქანით სახლში ვბრუნდებოდით, გზაში ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით”.
“ეს მატჩი თავდაჯერებულობას შემმატებს. ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამარჯვება”
წარმატების მისაღწევად რომ მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი და შრომა სჭირდება, ეს მარტივი, თუმცა რთულად შესასრულებელი ფორმულაა. როჯერის მონდომებამ შედეგი გამოიღო - 1998 წელს პროფესიულ სპორტულ კარიერაში შეაბიჯა. მისი გამოჩენა მუსიკალურ ექსპოზიციას ჰგავდა, ნაწარმოების დასაწყისს, რომელშიც კონტურები მკაფიოდაა გამოკვეთილი.
ფედერერმა საჩოგბურთო სამყაროს ყურადღება 2001 წლის უიმბლდონის ღია პირველობაზე მიიპყრო, როცა მეოთხე წრეში გენიალური პიტ სამპრასი დაამარცხა. ზოგადად, იმ მატჩმა როჯერის კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. “ეს მატჩი თავდაჯერებულობას შემმატებს. ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამარჯვება,”- თქვა მაშინ გახარებულმა ფედერერმა. თავად სამპარასი ცოტა შერცხვენილი და იმედგაცრუებული ჩანდა. იგი ხომ იმ დროის უიმბლდონის მეფე იყო. ამერიკელმა იგრძნო, რომ მის ტახტს საფრთხე ემუქრებოდა.
ჩოგბურთი თავისი არსით ელეგანტურობას, დახვეწილობას, ინტელექტსა და სილამაზეს აერთიანებს. ეს ყველა კომპონენტი კი ფედერერშია თავმოყრილი.
ფედერერმა პირველი დიდი სლემი 2003 წელს, სწორედ უიმბლდონზე მოიგო და იქიდან დაიწყო ახალი ერა. რატომ მოგვწონდა მისი თამაში? ჩოგბურთი თავისი არსით ელეგანტურობას, დახვეწილობას, ინტელექტსა და სილამაზეს აერთიანებს. ეს ყველა კომპონენტი კი ფედერერშია თავმოყრილი. როჯერი კარიერის განმავლობაში ძალიან კარგად აწვდიდა, მას ჯამში 11 478 ეისი აქვს შესრულებული, ისტორიულად მასზე წინ მხოლოდ ორი “გიგანტი” - ივო კარლოვიჩი (13 728) და ჯონ ისნერი (13,960) დგანან. ეს უკანასკნელი კარიერის დასრულებას ჯერ არ ჩქარობს.
ფედერერის ფორჰენდი მეტოქეებისთვის ყოველთვის მომაკვდინებელი იარაღი იყო, ბექჰენდი კი - უაღრესად ელეგანტური. მისი კორტზე გადაადგილება ხელოვნების ნიმუში გახლდათ. შვეიცარიელი ბადესთან თამაშის დროს ცივსისხლიანი იყო. ზოგადად, ის ხშირად იყენებდა ორსვლიან კომბინაციებს, ყველაზე მეტად კი serve and volley უყვარდა.

ფედერერის თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სტატისტიკა. მისი ვირტუოზული და მომაჯადოეებელი სათამაშო სტილი გულგრილს არავის ტოვებდა. არც მის უშუალო კონკურენტებს - რაფა ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს. როჯერმა ამ გენიალურ მოთამაშეებთან ერთად ჩოგბურთში ოქროს ხანა შექმნა. სპორტის ეს სახეობა სხვა სიმაღლეზე აიყვანა. მილიონობით ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა. ის მისაბაძი პერსონა არა მხოლოდ კორტზე, არამედ მის ფარგლებს გარეთ გახდა. "მხიარული როჯერი" მშვიდობის ელჩი და ქველმოქმედია.
შეამჩნევდით, რომ ფედერერის თამაშს კლასიკურ მუსიკასთან ვაკავშირებთ. სიმბოლურიცაა, იგი ფორტეპიანოზე ძალიან კარგად უკრავს. როჯერის თამაში მრავალფეროვან რომანტიკულ სიმფონიებს ჰგავს, თითოეულ ნოტს რომ ფაქიზად ეპყრობა. მისი განვლილი გზა ჯაკომო პუჩინის კომპოზიციების მსგავსია - ადამიანისა, რომელმაც შეუფასებელი მუსიკალური მემკვიდრეობა შექმნა. ეს მსგავსება სიმბოლური იმითაცაა, რომ მუსიკა ემოციების გადმოცემის უნივერსალურ ენად მიიჩნევა. როჯერი კი ამ დაუვიწყარი სიმფონიის სწორუპოვარ მაესტროდ იქცა, რომელიც ადამიანებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჩუქნიდა. ჩოგბურთელი ყველა კორტზე განსაკუთრებულ კვალს ტოვებდა.

20-გზის დიდი სლემის მფლობელი ბოლო მატჩს “ლეივერის თასზე” ჩაატარებს. როჯერმა კარიერაში 1251 მატჩი და 103 ტიტული მოიგო. 41 წლის ფედერერი დაიღალა, მისი მოძრაობები შენელდა, ტრავმების რაოდენობამ მოიმატა. მაესტრო დაისვენებს. სპორტის ისტორიაში კი უდიდესი ეპოქა მთავრდება. "მივცეთ დროს დრო". ჩოგბურთს ახალი გმირი სჭირდება, მე - არა.
კომენტარები