Thumbnail
  • უეფამ ევროპის ჩემპიონატის წილისყრის წინ მთელი რიგი ქვეყნები ერთმანეთს დააშორა
  • პროცედურა 9 ოქტომბერს ჩატარდება და საქართველოს მეტოქეთა ვინაობასაც შევიტყობთ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

უეფამ ევრო 2024-ის წილისყრის პროცედურა დაამტკიცა, საიდანაც ვგებულობთ, რომ მთელი რიგი ქვეყნები ერთმანეთთან თამაშს ვერ შესძლებენ. გასაკვირი არაა, რომ ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან უკრაინა და ბელარუსი, ასევე, აზერბაიჯანი და სომხეთი, გიბრალტარი და ესპანეთი, კოსოვო და ბოსნია, კოსოვო და სერბეთი.

შეგახსენებთ, რომ წილისყრაში მონაწილეობას საერთოდ ვერ მიიღებს რუსეთის ნაკრები, რომელიც უკრაინაში დაწყებული ომის  შემდეგ ყველა საერთაშორისო ტურნირს ჩამოშორებული გახლავთ და როგორც სჩანს, დისკვალიფიკაცია კიდევ დიდი ხანი ექნება.

შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გერმანიაში ჩატარდება. შესაბამისად, მასპინძელი ქვეყანა ფინალურ ეტაპზე პირდაპირაა დაშვებული და კვალიფიკაციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ევრო 2024-ის ფინალს ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს

შესაბამისად, შესარჩევ ციკლში უეფას წევრი 53 ნაკრები იქნება ჩართული, რომლებიც 10 ჯგუფში გადანაწილდებიან. შვიდ ჯგუფში 5-5 ნაკრები მოხვდება, სამში კი – 6-6. შეჯიბრის ფორმატის თანახმად, ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები ფინალურ რაუნდში პირდაპირ გავლენ, უკანასკნელი 3 საგზურის მფლობელთა ვინაობას კი საპლეიოფო მატჩები გაარკვევს, რომლებიც 2024 წლის მარტჩი ჩატარდება.

წილისყრის მონაწილე 53 ნაკრები ერთა ლიგის საერთო რეიტინგის მიხედვით განითესება და შვიდ კალათაში გადანაწილდება, უშუალოდ წილისყრის პროცედურა კი ფრანკფურტში 9 ოქტომბერს ჩატარდება. ცხადია, წილისყრაში საქართველოს ნაკრებიც იქნება ჩაბმული, რომელსაც ევროპირველობაზე მოხვედრის შანსი ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდანაც აქვს. აღსანიშნავია, რომ ჯერ ყველა ნაკრები კალათებში განაწილებული არაა, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები წილისყრის წინ მე-4 კალათაში იქნება განთესილი. ვილი სანიოლის გუნდის გარდა, მე-4 კალათაში არიან ყაზახეთი, თურქეთი და საბერძნეთი.

“ჩვენი” C ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული B ლიგის საგზურთან ერთად ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს და 2024 წლის მარტში პლეი ოფში გერმანიაში მოსახვედრად იბრძოლებს, თუკი მანამდე შესარჩევი გზით ევროპის ჩემპიონატის საგზურს არ დაიბევებს. ამ შემთხვევაში, ასეთი გუნდი C ლიგაში შემდგომი საუკეთესო გუნდით (ანუ ჯგუფებში საუკეთესო მეორეადგილოსნით) ჩანაცვლდება.

ერთა ლიგის 4 ტურის შემდეგ მე-4 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდს 10 ქულა აქვს (12:2) და იმისთვის, რომ პირველი ადგილი გაინაღდოს 23 სექტემბერს შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ თამაშიც ჰყოფნის. წაგების შემთხვევაშიც კი გუნდი პირველზე გავა, თუ გიბრალტარს მოუგებს ბოლო ტურში, თუმცა შინ არ უნდა წააგოს ისე, რომ მაკედონიელებთან ურთიერთშეხვედრებში უარესი შედეგი ჰქონდეს. ვინაიდან, საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში 3:0 მოიგო, მას უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ჩვენი ეროვნული გუნდი პირველ ადგილს მოიპოვებს.

სიტუაცია საქართველოს ნაკრების ჯგუფში ერთა ლიგაზე

ევრო 2024-ს გერმანიის 10 ქალაქი უმასპინძლებს, რომლებიც უეფამ სამ ე.წ კლასტერად დაჰყო – ჩრდილოეთი/ჩრდილო აღმოსავლეთი (ბერლინი, ჰამბურგი, ლაიპციგი), დასავლეთი (დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, კიოლნი) და სამხრეთი (ფრანკფურტი, მიუნხენი და შტუტგარტი).

ამგვარად, თითოეულ ჯგუფში მატჩები მხოლოდ ორ კლასტერში ჩატარდება, რაც გუნდებისთვისა და გულშემატკივრებისთვის მასპინძელ ქალაქებს შორის მგზავრობის გააადვილებს.

უკვე ცნობილია, რომ ევრო 2024-ის გახსნის მატჩი 14 ივნისს, მიუნხენში, ალიანც არენაზე გაიმართება, ხოლო ფინალი ერთი თვის თავზე, 14 ივლისს, ბერლინში, ოლიმპიაშტადიონზე ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები