Thumbnail

საქართველოს ნაკრების გამოსვლა საშინაო ჩემპიონატზე, შედეგის და თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, საკმაოდ არაშთამბეჭდავი იყო. ჩაგდებული ევრობასკეტის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩები ელის. რა დავინახეთ ევრობასკეტზე და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველოს ნაკრები უახლოეს მომავალში?

დადებითით დავიწყოთ: განწყობის და მონდომების დონეზე ყველაფერი წესრიგში იყო. ზუროსის გუნდი ძალიან შეკრული გახლდათ და ხასიათის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა. კალათბურთელებმა ყველა თამაშში ბოლომდე იბრძოლეს და მიუხედავად იმისა, რომ 5 თამაშიდან 4-ში დამარცხდნენ, ბრძოლის ჟინი გუნდს ბოლო მომენტამდე არ დაუკარგავს. თუმცა პროფესიულ სპორტში, მით უმეტეს ამ დონეზე, მხოლოდ ხასიათით ვერ მოიგებ.

წარუმატებლობის ფაქტორები

ევრობასკეტზე წარუმატებელ გამოსვლას ბევრი მიზეზი ქონდა. დავიწყოთ თორნიკე შენგელიას არყოფნით - გუნდის ლიდერის და ე.წ. closer-ის, ანუ, იმ მოთამაშის, რომელმაც მატჩის ბოლო წუთებში შეხვედრა თავის თავზე უნდა აიღოს. თორნიკემ ტრავმა ტურნირის წინ მიიღო და გუნდს ცოტა დრო ჰქონდა მის გარეშე თამაშის გადასაწყობად. მისი არყოფნა მოედანზე ყველაზე მეტად იგრძნობოდა თამაშის დასკვნით ეტაპზე, როდესაც გუნდს სჭირდებოდა ლიდერი, რომელიც თამაშს თავის თავზე აიებდა. რაკი ესპანეთთან თამაშის გარდა ყველა დანარჩენი მატჩი ბოლო წუთამდე დაძაბული იყო, ჩემი აზრით, რომ არა თორნიკეს არყოფნა, ჩვენი ნაკრები ბერლინის საგზურს აუცილებლად მოიპოვებდა.

ამ მხრივ გადამწყვეტი და ალბათ ყველაზე დასანანი მარცხი ბელგიასთან განვიცადეთ. იმი გამო, რომ ჯგუფიდან გასვლის დიდი მოლოდინი იყო და გუნდი საკუთარ მოედანზე თამაშობდა, კალათბურთელებმა მატჩის დებიუტი ემოციურად დაიწყეს, რითაც ბელგიამ ისარგებლა და მალევე 10-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა. მეოთხე მეოთხედი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ, დაცვაში შესანიშნავად გამოვიყურებოდით და თამაში დავქაჩეთ. სამწუხაროდ, ოვერტაიმში დავმარცხდით, რის შედეგადაც შემდგომი მთელი ტურნირის მანძილზე მდევრის როლში ვიყავით. ამ ფაქტმა არ მოგვცა აშუალება, უფრო ლაღად გვეთამაშა.

ასევე მონტენეგროსთანაც დაძაბული საპლეიოფო ამაში იყო, რომელიც მეოთხე მეოთხედში გადაწყდა და შენგელიას არყოფნა ძალზედ დაეტყო გუნდს.

ნაკრების შემადგენლობა და მისი თამაში დაუბალანსებელი გახლდათ. წინა ხაზში გვყავს რამდენიმე კარგი დონის დიდი კალათბურთელი (მაღლები), მაგრამ პერიმეტრზე ბევრი პრობლემა.

ყველაზე დიდი პრობლება იყო ის, რომ გუნდს პრაქტიკულად არ ყავს გამთამაშებელი, რომელიც მხოლოდ ბურთს კი არ გადაიტანს მეტოქის ნახევარზე, არმედ თანაგუნდელებს იოლ სროლებს შეუქმნის და შეტევას მისცემს საჭირო ტემპს. ჩვენი ყველა ჩაგდებული ბურთი დიდი შრომის და წვალების შედეგი იყო, რაც თამაშის ბოლოს თავს დაღლილობის სახით იჩენდა. შეხვედრის ბოლოს, როცა მეტოქის დაცვა განსაკუთრებით დისციპლინირებულად თამაშობს და შენ კი მთელი შეხვედრა წვალობდი და ენერგიის მაქსიმალური დაძაბვით თამაშობდი, სროლები უფრო და უფრო რთული ხდება.

მაფადენისთვის, რომელიც ძირითადი გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს, ეს პოზიცია ნატურალური არ არის. ის უფრო მსროლელია, მეორე "გარდი", ვიდრე გამთამაშებელი და აქდან გამომდინარე მისი თამაში ხშირ შემთხვევაში ადვილად წასაკითხი იყო, რითაც მოწინააღმდეგე გუნდები სარგებლობდნენ და გუნდის შეტევის განვითარებას აფერხებდნენ. ამის შედეგად, ჩვენი შეტევები ხშირ შემთხვევაში სტატიკური იყო და შემოიფარგლებოდა პერიმეტრის გარშემო პასებით და შეტევისთვის განკუთვნილი 24-წამიანი დროის ამოწურვის შემდეგ დაბალპროცენტიანი როლებით. გვაკლდა შესვლები, რაც თანამედროვე კალათბურთში ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია და დაცვაში მყოფ გუნდს აიძულებს, მიიოს სწრაფი გადაწყვეტილებები. ეს კი თავის მხრივ ზრდის შეცდომების ალბათობებს და ტოვებს ავისუფალ სივრცეებს.

რატი ანდრონიკაშვილის ახალგაზრდა ასაკიდან გამომდინარე, მას ბურთის გათამაშების დიდი გამოცდილება არ აქვს და ამ კომპონენტში გუნდს ვერ დაეხმარა, თუმცა დაცვაში იგი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ პერიმეტრიდან სროლის პროცენტი საკმაოდ დაბალი იყო, ამაში მსროლელებს ბოლომდე ვერ დავადანაშაულებთ, რადგან მათი სროლების უმეტესი ნაწილი რთული, წინააღმდეგობის ფონზე შესრულებული სროლა იყო და ბოლო თამაშის გამოკლებით, მათ სროლის რიმი არ ჰქონდათ. ეს კი კალათბურთში მსროლელისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

როგორ შევაფასოთ ზუროსი

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩემპიონატამდე მისი მუშაობა ნაკრებში წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, მან ეს ევრობასკეტი ულაპარაკოდ ჩააგდო. მართალია, ტურნირის წინ თორნიკე შენგელიას ტრამამ ძალიან არია გუნდის ტაქტიკური მონახაზი, მაგრამ ყველა პრობლმას თორნიკეს არყოფნას ვერ დავაბრალებთ.

გუნდის შეტევა მთელი ტურნირის მანძილზე ძალიან პროგნოზირებადი იყო, რაც ბოლო ორმა მეტოქემ ნათლად გამოიყენა. მიუხედავად იმის, რომ ტურნირის დროს რააცების შეცვლა გარანტირებული შედეგის მომტანი არ არის, აუცილებელია მუშაობა იმაზე, რომ გუნდის შეტევა და თამაში გადახალისდეს, ცვალებადი იყოს და გუნდს შეტევის რამდენიმე დალაგებული ოპცია ჰქონდეს.

ეს განაპირობებს, რომ მოწინამდეგ გუნდს დაცვაში ყოფნის დროს ბევრ რამეზე ქონდეს საფიქრალი და მუდამ უწევდეს მეტოქის ახალ-ახალ ნაბიჯეზე პასუხის გაცემა. საქართველოს ეს არ ჰქონდა. გუნდს თამაშის მარტივი და მეტოქეებისთვის იოლად გასაშიფრი სცენარი ჰქონდა.

ასევე გვაკლდა გუნდური მოძრაობა და წინასწარ შემუშავებული კომბინაციები ე.წ. pick & roll და pick & pop, რაც ნაკრების მოთამაშეებს (მსროლელებს) საშუალებას მიცემდა, უფრო თავისუფალი სროლები ქონოდათ. სასურველი იქნებოდა, უფრო მეტი აქცენტი გადაგვეტანა დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლაზე, ე.წ. transition basket-ებზე, რადგან ჩვენი დიდი მოამაშეები საკმაოდ კარგად ხსნიდნენ ბურთს (ამ კატეკორიაში ერ-ერთი ლიდერები ვიყავით). დაუწყობელ დაცვასთან სწრაფ შეტევაზე გადასვლა უფრო მეტ მაღალროცენტიან შანსებს მოგვცემდა, ვიდრე უკვე პოზიციურად მზად მყოფ მოწინააღმდეგესთან.

ასევე თამაშის მიმდინარეობიდან მიღებული ცვლილებების სიმცირე იყო. ბულგარეთთან თამაშის დროს, როცა ბულგარელები პრაქტიკულად პერიმეტრიდან ბურთს არ აცილებდნენ, ჩემი აზრით, საჭირო იყო რაღაცის შეცვლა. მაგალითად, უფრო დაბალ ხუთეულზე გადასვლა, მოედანზე უფრო მეტი სწრაფი კალათბურთელის შეყვანა, მოწინაამდეგის ნახევარზე უფრო მჭიდრო დაცვის თამაში და თამაშის ტემპის დაგდება ჯარიმებით და სხვა ხრიკებით, რათა ბულგარელების სროლი ტემპი დაგვერღვია.

ბულგარელები პერიმეტრიდან ტურნირის მანძილზე 35.8% ისროდნენ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ისინ ტაქიკურად შესანიშნავად მომზადებულები გამოვიდნენ, საქართველოს სუსტი და ძლიერი მხარეები კარგად ქონდათ შესწავლილი. შეტევაში ძირითადად პერიმეტრიდან გვიტევდნენ, ხოლო დაცვაში ცდილობდნენ, 3-წამიანი გადაეკეტათ. მათი სურვილი იყო, თამაში სამქულიანების შეჯიბრად გადაექციათ, სადაც მათ დიდი უპირატესობა აქვთ. საქართველოს ნაკრები ამას, სამწუხაროდ, წამოეგო და 36 სამქულიანი ისროლა, საიდანაც 8 ჩავარდა (22.2%). თამაშის ასეთ სცენარში განწირულები ვიყავით.

მაგალითად, ამ ცვლილებამ (დაბალ ხუთეულზე გადასვლა) ძალიან კარგად იმუშავა თურქეთთან. და საერთოდ: თურქეთთან ჯამში ყველაზე კარგი მატჩი ჩავატარეთ ტურნირზე, განსაკუთრებით დაცვაში. პერიმეტრიდან თურქებმა 21,2% ისროლეს, რაც საუკეთესო შედეგი იყო თურქეთის წინაამდეგ.  თურქეთის წინააღმდეგ მეოთხე მეოთხედის ბოლოს და ოვერტაიმში საქართველომ სწორედ,  ე.წ. მსუბუქი ხუთეული ითამაშა - ცენტრად მამუკელაშვილი თამაშობდა.  ეს ხუთეული მობილური იყო და ტურნირზე პერიმეტრის დაცვაში საუკეთესო მონაკვეთი დადეს.

ასევე შეიძლებოდა მამუკელაშვილის უფრო დატვირთვა, რომელმაც გამოაჩინა, რომ შენგელიას არყოფნაში ის უნდა ყოფილიყო გუნდის ლიდერი, ის მოთამაშე, რომელიც თამაშს თავის თავზე იღებს.

ბურთის დაკარგვის მხრივ სტატისტიკურად საშუალოდ გამოვედით, მაგრამ ბევრი დაკარგვა იყო თამაშის გადამწყვეტ სტადიაში, რამაც თამაშის შედეგებზე იმოქმედა. ეს კომპონენტები ძირითადად მწვრთნელის პასუხისმგებლობაა.

რას ველოდოთ მომავალში

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ჩემი აზრით, ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ძირითადი ბირთვი ახალგაზრდა მოთამაშეებისგან შედგება, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო შეთამაშდებიან.

მნიშვნელოვანია, გუნდმა სამომავლოდ თავისი დაცვითი იდენტობა ჩამოყალიბოს, რისი საშუალებაც და რესურსებიც ნამდვილად არსებობს. ახალგაზრდა მოთამაშეები საკმაოდ თლეტურები არიან, რაც დაცვაში თამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანდრონიკაშვილი 21 წლის ასაკში უკვე კარგ დამცველად ჩამოყალიბდა და ასევე ჯინჭარაძეც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო პერიმეტრის დაცვაში. მისმა თამაშმა თურქეთთან უსმანის წინააღმდეგ დიდი როლი შეიტანა ნაკრების გამარჯვებაში.

ასევე შთამბეჭდავები იყვნენ ბითაძე და მამუკელაშვილი - ფარის დაცვის დროს მათ არაერთი შესანიშნავი ბლოკი შეასრულესამუკელაშვილის თამაში ამ ტურნირზე ცალკე მინდა გამოვყო. მამუ გუნდში ალბათ საუკეთესო იყო და მისი უნარებიდან გამომდინარე, ყველაზე პერსპეტიული ქართველი კალათბურთელია. მას აქვს შანსი, NBA-ში სასტარტო ხუთეულის მოთამაშედ ჩამოყალიბდეს და ზაზა ფაჩულიას წარმატება გაიმეოროს.

ნოემბერში ორი რთული თამაში გველის ისლანდიასთან და იტალიასთან. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ამ ნაკრების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ამ მატჩებში NBA-ს ლეგიონერები არ გვეყოლებიან, რაც ამოცანას ართულებს. ისლანდიათან საგარეო მატჩი ალბათ გადამწყვეტი იქნება. მეოთხე საგზურისთვის ისინი ჩვენი მთავარი კონკურენტები არიან და მათთან ორივე შეხვედრის მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლა პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს.

ისლანდიელებთან ჩვენი მთავარი კოზირი გიორგი შერმადინი იქნება, რომელიც თამაშის დასაწყისიდანვე უნდა დავტვირთოთ და შეტევითი თამაში მის გარშემო ავაწყოთ. ისლანდია ჩვენთვის სტილისტურად კარგი მოწინააღმდეგეა, რადგან ისლანდილები პერიმეტრიდან კარგი თამაშით არ გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, ჩვენს გარდებს თამაში შედარებით გაუადვილდებათ, მაგრამ შედეგი, დიდი ალბათობით, პერიმეტრიდან სროლის სიზუსტეზე იქნება დამოკიდებული.

გუგა ღონიაშვილი
სპორტის ენთუზიასტი. თვალს ადევნებს ყველა competitive სპორტს, ბალახის ჰოკეის გარდა. უყვარს სერფინგი და პარაშუტით ხტომა. ბავშვობაში დადიოდა წყალბურთზე და ქვის სროლაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები