Thumbnail
  • პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა თავის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა
  • 37 წლის თავდამსხმელი თამაშს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზეც აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ ეროვნულ გუნდში თავის მომავალზე ილაპარაკა. როგორც ირკვევა, 37 წლის სუპერვარსკვლავის გეგმებში ჯერ კატარი 2022-ია, შემდეგ კი ევროპის მომავალი ჩემპიონატი, რომელიც 2024 წელს გერმანიაში ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლისთვის პორტუგალიელი თავდამსხმელი უკვე 39 წლის იქნება. 

"იმედი მაქვს, რომ ნაკრების წევრი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიქნები. ამბიცია დიდი მაქვს. ჯერ კიდევ ვგრძნობ უდიდეს მოტივაციას. ნაკრებში ჩემი გზა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენს ეროვნულ გუნდში ბევრი მაღალი დონის ახალგაზრდა მოთამაშეა. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, რის შემდეგაც თამაში ევროპის უახლოეს ჩემპიონატზეც მსურს", - თქვა კრიშტიანომ გალა-ცერემონიაზე გამოსვლისას, რომლის ფარგლებშიც პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ის ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რეკორდული რაოდენობისთვის დააჯილდოვა. 

კრიშტიანო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2016-ზე გაიმარჯვა

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო, რომელიც პორტუგალიის ეროვნული გუნდის ღირსებას 2003 წლიდან იცავს, 189 სანაკრებო მატჩში გატანილი 117 გოლით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ნაკრებში 100-ზე მეტი გოლი მის გარდა მსოფლიოში მხოლოდ ირანელ ალი დაეის აქვს გატანილი - 109. 

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მუნდიალზე, რომელიც კატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, H ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ურუგვაის, განასა და კორეის ნაკრებები ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები