Thumbnail
  • თორნიკე შენგელიამ მხრის ტრავმა მოსალოდნელზე მალე მოიშუშა
  • მისი ბოლონია იტალიის ჩემპიონატს 2 ოქტომბერს ნაპოლისთან მატჩით გახსნის

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ვარჯიში განაახლა. შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელში მისმა კლუბმა – იტალიურმა ვირტუს ბოლონიამ გაავრცელა და შემდეგ ისინი თავად შენგელიამაც გააზიარა, წარწერით Back to work.

ცხადია, ჯერჯერობით, საუბარი მხოლოდ მსუბუქ დატვირთვებზეა, თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ თოკომ დაშავებული მხრის მოშუშება ასეთ მოკლე დროში მოახერხა, ძალიან სასიხარულოა.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ტრავმა 24 აგვისტოს მიიღო, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ნიდერლანდებს სძლია, კაპიტანი კი პარკეტზე დაეცა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოსალოდნელზე ადრე მოიშუშა

აღნიშნულის გამო, თორნიკეს ევრობასკეტის გამოტოვება მოუხდა და ეს, საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დარტყმა გამოდგა, კარგი კი ისაა, რომ ქართველი მძიმე ფორვარდი ოპერაციას გადაურჩა და როგორც ახლა ვგებულობთ, ვარჯიშიც მოსალოდნელზე ადრე მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ ვირტუს ბოლონიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შენგელია კლუბის ღირსებას 2024 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პუნქტი თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით, 2025 წლამდე გახანგრძლივების შესახებ.

ცხადია, რომ შენგელიას მწყობრში ჩადგომა მაგარი ამბავია საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელსაც ნოემბერში მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ციკლში უმნიშვნელოვანესი თამაშები ელის: 11-ში, სტუმრად, ისლანდიასთან და 14-ში, შინ, იტალიასთან.

თუკი ევროლიგის კალენდარმა ხელი არ შეუშალა (11-ში ვირტუსი სტუმრად მილანს ეთამაშება), სავარაუდოა, რომ თორნიკე მომავალ მატჩებში მონაწილეობას მოახერხებს. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ბოლონიელებს ევროლიგაში სასტარტო შეხვედრა 7 ოქტომბერს ფრანგულ მონაკოსთან ელით, იტალიის ჩემპიონატში კი 2 ოქტომბერს ნაპოლისთან მატჩით ჩაებმებიან.

მდგომარეობა საქართველოს ნაკრების ჯგუფში

 

კომენტარები

ბოლო ამბები