Thumbnail

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი დანიასთან წაგებით დაიწყო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • U19. საქართველო 1:3 დანია
  • ფირცხალაიშვილის გუნდმა შესარჩევ ჯგუფში გამოსვლა წაგებით დაიწყო
  • საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი გოლი დავით გოცირიძემ გაიტანა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა წაგებით დაიწყო. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა მე-9 ჯგუფში, რომელსაც დანია მასპინძლობს, პირველი შეხვედრა მასპინძლებთან ჩაატარა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ქალაქ იერინგში გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში დასამახსოვრებელი მომენტი ლუკა პარკაძეს ჰქონდა, რომელმაც გზიდან დრიბლინგით ორი მეტოქე ჩამოიშორა და დაარტყა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მასპინძელთა კარს. დანიელებმა პირველი-ორი გოლის გატანა ტაიმის მიწურულს მოახერხეს, დიდწილად ქართველი 19-წლამდელების მიერ დაცვის ცენტრში დაშვებული შეცდომების გამო. 

შესვენების შემდეგ გატანის კარგი შანსი თემურ გოგნაძეს ჰქონდა, თუმცა დანიელთა მეკარემ მისი დარტყმის მოგერიება შეძლო. სამაგიეროდ, საპირისპირო მხარეს გატანა მოახერხეს დანიელებმა მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტეს.

საქართველოს ნაკრებიდან პრესტიჟის გოლი თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, მოედანზე შეცვლაზე შესრულმა დავით გოცირიძემ შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად ასევე ჰყავს ინგლისისა და მონტენეგროს ნაკრებები. მომდევნო მატჩს ფირცხალაიშვილის გუნდი 24 სექტემბერს ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდება, 27-ში კი მონტენეგროს ეთამაშება. 

ელიტრაუნდში ბრძოლას ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები, ასევე ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი (მხედველობაში მიიღება ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები) გააგრძელებს. ტურნირის ფინალურ ეტაპს, რომელშიც რვა ნაკრები იასპარეზებს, მალტაში 2023 წლის 3-16 ივლისს ჩატარდება. 

U19. საქართველო 1:3 დანია

გოლები: 0:1 იენსენი (37’), 0:2 ბუნგორი (40'), 0:3 კრისტენსენი (67'), 1:3 გოცირიძე (87')

საქართველო (4-3-1-2): ბერუაშვილი - გოგნაძე (73' კალანდაძე), გოგლიჩიძე, ლაცაბიძე, პირტახია - ბართია (59' ხაბულიანი), ცხოვრებაშვილი, ტაბატაძე (59' ღურწკაია) - ბაგრატიონი (73' ალიგებაშვილი) - იობაშვილი (73' გოცირიძე), პარკაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები