Thumbnail
  • ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა გრან კანარიასთან საკონტროლო მატჩში გაიბრწყინა
  • ტენერიფეში ევროპის ჩემპიონთათვის განკუთვნილი მედალი ხაიმე ფერნანდესმა ჩაიტანა

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და გუნდის გასახდელში სახალისო ამბავიც მოხდა. ქართველმა კალათბურთელმა ევრობასკეტი 2022-ის ჩემპიონთათვის განკუთვნილი ოქროს მედალი ჩამოიკიდა, რომელიც ტენერიფეში ხაიმე ფერნანდესმა ჩაიტანა.

ეს უკანასკნელი ბოლო 5 წლის განმავლობაში მალაგას უნიკახას ღირსებას იცავდა, ზაფხულში კი, უკვე ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა, როდესაც კონტრაქტი შერმადინის კლუბთან გააფორმა. ფერნანდესი ტენერიფეში უკვე ევროპის ჩემპიონის რანგში ჩავიდა და კუთვნილი მედალიც თან ჩაიტანა, რომელიც ქართველმა ცენტრმა მოირგო.

გიორგი შერმადინი გრან კანარიასთან მატჩში საუკეთესო იყო

შეგახსენებთ, რომ თავად შერმადინსა და საქართველოს ნაკრებს წარმატებული ევროპირველობა ნამდვილად არ ჰქონიათ. ჩვენმა გუნდმა თბილისურ ჯგუფში მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და ბოლო ადგილზე გავიდა, შესაბამისად, პლეი ოფშიც ვერ ითამაშა. თავად გიომ მონაწილეობა ხუთივე მატჩში მიიღო და საშუალოდ 23.8 წუთი, 10.6 ქულა, 6.0 მოხსნა, 1.0 პასი და 1.4 დაფარება ჰქონდა.

აი, ესპანეთში ჩასვლის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თავი პირველივე მოსამზადებელ მატჩში გამოიჩინა. ლენოვო ტენერიფემ გრან კანარიასთან 90:92 წააგო, შერმადინმა კი კაპიტნის რანგში ითამაშა და 20:30 წუთში 20 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.

ტენერიფელები გრან კანარიასთან კიდევ ერთ მატჩს 22 სექტემბერს ჩაატარებენ, 25-ში კი ფუენლაბრადასთან თამაშია. შერმადინის კლუბი ლიგა ენდესას ახალ სეზონს 29 სექტემბერს მანრესასთან გასვლითი შეხვედრით გახსნის.

კომენტარები

ბოლო ამბები