Thumbnail

UFC-ის ექსმებრძოლი: ალდო მერაბისნაირი სისხლისმსმელისთვის ხელში არ უნდა ჩაეგდოთ

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ბრენდან შაუბი მიიჩნევს, რომ ჟოზე ალდოს გუნდმა შეცდომა დაუშვა
  • ამერიკელის ამბობს, რომ მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელს ჯოჯოხეთი მოუწყო

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ამჟამად პოდკასტერმა და კომედიანტმა ბრენდან შაუბმა იუთუბის საკუთარ არხზე ჟოზე ალდოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრაზილიელის გუნდმა საშინელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა 'რიოს მეფე' ხელში მერაბ დვალიშვილს ჩაუგდო. 

ჟოზე ალდო ნახევრადმსუბუქი წონის ჩემპიონი იყო, 2019 წლიდან კი სუპერმსუბუქ წონაში გადავიდა, ზედიზედ 2 წაგების შემდეგ ზედიზედ 3 ბრძოლა მოიგო და ბოლოს მერაბ დვალიშვილს შეხვდა. ახლა კი, ბრაზილიელი კარიერას ასრულებს.

"ალდოს 3 მოგებისგან შემდგარი სერია ჰქონდა, ტიტულისთვის უნდა ეჩხუბა და ამ დროს, მერაბს შეახვედრეს. ჟოზეს გუნდმა უდიდესი შეცდომა დაუშვა. როგორ შეიძლებოდა, ნება მიეცათ, შეხვედროდა დვალიშვილს, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. ქართველს ბევრი არაფერი გაუკეთებია, თუმცა ალდოს მაინც ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო, არაფრის საშუალება არ მისცა.

კორი სანდჰეგენის გადაწყვეტილებამ ძალიან გამაკვირვა - აქამდე არცერთ მებრძოლს არ გამოუწვევია მერაბ დვალიშვილი, მასთან ჩხუბი არავის სურს. როგორც ჩანს, სონ იადონის დამარცხებამ სანდჰეგენს ძალიან დიდი თავდაჯერება მისცა და ნამდვილი სოციოპათივით მოიქცა. სხვა შემთხვევაში დვალიშვილის მსგავს მონსტრს არავინ გამოიწვევდა. მერაბი საოცარი მებრძოლია, ნამდვილი სისხლისმსმელი, თუმცა მისი სტილი მიმზიდველი არაა, რადგან უპირატესობას ჭიდაობას ანიჭებს. ამიტომ მგონია, რომ თუ UFC სანახაობას აირჩევს, კორი სანდჰეგენი ჩიტო ვერას შეხვდება," - თქვა შაუბმა. 


მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მე-3 პოზიციაზეა, კორი და ჩიტო მის უკან არიან. სანდჰეგენმა sportskeeda-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის ეკვადორელთან ჩხუბი უფრო ადვილი იქნება, თუმცა არც ქართველთან მატჩი გამორიცხა. 

კომენტარები

ბოლო ამბები