Thumbnail

დინამო ბათუმიდან ბორდოში იჯარით გადასულ ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთში დებიუტი იდეალური გამოუვიდა. ლიგა 2-ის მე-9 ტურის მატჩში დიჟონთან ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა. 

ამჟამად 21 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზეა გამოძახებული, სამშობლოში წამოსვლამდე კი დავითაშვილი კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა. ბორდომ ინტერვიუ ახლახან გამოაქვეყნა.

"ბორდო ძალიან ცნობილი კლუბია, ვუყურებდი საფრანგეთის ჩემპიონატს და ამიტომაც გადავწყვიტე აქ მოსვლა. ვიცი, რომ ეს გუნდი საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონია. ასევე ვიცი, რომ ამ კლუბში თამაშობდა ზინედინ ზიდანი და ამ ყველაფერმა მიბიძგა კონტრაქტის გაფორმებისკენ.

'ჯერჯერობით ფრანგულად ვერ ვლაპარაკობ და ყველაფერი არ მესმის, მაგრამ თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან'

ვთამაშობ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე. თამაში ასევე შემიძლია ცენტრში და მარჯვნივაც, თუმცა მარცხენა ფრთაზე მოქმედებას ვამჯობინებ. ყველაფერს გავაკეთებ და ბოლომდე დავიხარჯები, რათა კიდევ უფრო უკეთესი გავხდე, ჟირონდელებს გამარჯვებებისა და ქულების მოპოვებაში დავეხმარო. ჩემი მიზანია კარგად ვითამაშო, გავახაროთ გულშემატკივრები და გუნდი ლიგა 1-ში დავაბრუნოთ. 

აქ უმაღლესი დონის პირობებია და ძალიან მომწონს. ჯერჯერობით ფრანგულად ვერ ვლაპარაკობ და ყველაფერი არ მესმის, მაგრამ თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან, როგორც მოედანზე, ისე - მის გარეთ. ვიწყებ ფრანგული ენის შესწავლას. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ ბედნიერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გულშემატკივრები ჩემით კმაყოფილები იყვნენ", - ამბობს ზურიკო.

ბორდოს ლიგა 2-ში გასული 9 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და სულ 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ სოშოს. სანაკრებო პაუზის შემდეგ ზურიკოს გუნდი ჩემპიონატს 1 ოქტომბერს, სტუმრად ლავათან მატჩით დაუბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები