Thumbnail

UFC-ის ვარსკვლავი: სკოლაში ხშირად მცემდნენ და მჩაგრავდნენ

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • პაულო კოშტამ არიელ ჰელვანისთან მოზარდობის პერიოდზე ისაუბრა
  • 'ბორაშინია' სკოლაში ცემისა და ჩაგვრის ობიექტი ხშირად გამხდარა

UFC-ის საშუალო წონის რეიტინგის მეექვსეადგილოსანმა პაულო კოშტამ MMAFighting-სთვის მიცემულ ინტერვიუში სკოლის პერიოდი გაიხსენა, როცა თანატოლების მხრიდან ბულინგისა და დაჩაგვრის ობიექტი ხშირად ხდებოდა. 

31 წლის კოშტა, რომელმაც კარიერაში მხოლოდ ორჯერ (ისრაელ ადესანიასა და მარვინ ვეტორისთან) დამარცხდა, ბელუ ჰორიჟონტეში დაიბადა და გაიზარდა. თუმცა, მებრძოლს, რომელმაც 2 წლის წინ UFC-ის ქამარზე იჩხუბა, მოზარდობისას ხშირად სცემდნენ. 

"სკოლაში უამრავი პრობლემა მქონდა, სხვებს ნამდვილად არ მოვწონდი. თავს მესხმოდნენ, მჩაგრავდნენ, დიდი კი ვიყავი, თუმცა ისინი სულ ჯგუფურად დადიოდნენ. ხშირად ვუცემივარ, თუმცა ძალიან მძიმედ, მხოლოდ ერთხელ. მათთან ნამდვილი ჩხუბი წარმოუდგენელი იყო, რადგან ჩვენი სკოლა ფაველასთან ძალიან ახლოს მდებარეობდა და იქ ნარკოდილერების შვილები სწავლობდნენ. მათთან დაპირისპირება საშიში გახლდათ, რადგან მეორე დღეს მამები მოდიოდნენ ხოლმე იარაღებით. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. 

ერთ დღეს, ყველა ჩემი კლასელი ბიჭი ფანჯრიდან გადახტა და სკოლიდან წავიდა.  მასწავლებელმა დირექტორი მოიყვანა და უთხრა, იდიოტი პაულოს გარდა ყველა წავიდაო. მეორე დღეს, ჩაშვებაში დამადანაშაულეს, შენ უთხარი დირექტორს ჩვენი სახელიო. არა და რაღა თქმა იყო საჭირო, ჩემ გარდა ყველა წასული იყო. გაკვეთილები რომ დასრულდა, სახლში მივდიოდი, ისინი კი გასასვლელში მელოდნენ. კარიდან როცა გავედი, ჩემკენ წამოვიდნენ თუ არა, ეგრევე გავიქეცი. დამედევნენ, სხეულზე ფეხი, ხელი, ყველაფერი მხვდებოდა, მარტო ვიყავი. თავი სუპერმარკეტს შევაფარე და ჩემი სიცოცხლე მარკეტის კონსულტანტმა იხსნა - ჩვენზე უფროსი იყო და შიგნით არავინ შემოუშვა, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა. მაშინ 13-14 წლის ვიყავი, ახლა ბევრი მათგანი ქუჩაში მხვდება და ჩემთან ერთად ფოტოებს იღებს," - თქვა კოშტამ. 

პაულომ 20 აგვისტოს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ლუკ როკჰოლდი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თუმცა, მედიის ყურადღების ცენტრში ხამზატ ჩიმაევთან მომხდარი უთანხმოების გამო მოექცა. ბრაზილიელმა ინსტაგრამის სთორიში ჩეჩენს ლაჩარი უწოდა და თქვა, რომ უპრობლემოდ სცემდა. ხამზატი კი კოშტას UFC-ის დარბაზში გუნდელებთან ერთად შეხვდა, თუმცა ჩიმაევისვე ინიციატივით საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მივიდა. როგორც ჩანს, პაულოსთვის ჯგუფებთან ჩხუბი უცხო არ არის. 

კომენტარები

ბოლო ამბები