Thumbnail
  • 9 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება
  • საქართველოს ნაკრები მე-4 კალათშია განთესილი
  • ევრო 2024-ის შესარჩევში 20 საგზურისთვის 53 ნაკრები იბრძოლებს
  • ვინ რომელ კალათშია და ვისთან შეიძლება მოხვდეს ვილი სანიოლის გუნდი
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

კვირას გავიგებთ, რომელ გუნდებთან ერთად მოხვდება ჯგუფში საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

როგორც იცით, ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის C დივიზიონში გამარჯვებით ევრო 2024-ის პლეი ოფის საგზური მოიპოვა, რაც შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მანამდე ევროპის ჩემპიონატის ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლი ჩატარდება და ცხადია, ვილი სანიოლის გუნდმა იქ უნდა სცადოს წარმატების მიღწევა და თუ ამას მოახერხებს, პლეი ოფში თამაში აღარც დასჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ ერთა ლიგის პლეი ოფი ერთგვარი მეორე, დამზღვევი შანსია. ტრადიციულ შესარჩევში ნაკრების მეტოქეების ვინაობას ამ უიკენდზე შევიტყობთ.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა 9 ოქტომბერს (თბილისის დროით 14:00 საათზე), გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდება. წილისყრამდე, გუნდები ბოლო წლებისა და ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით კალათებში განაწილდნენ (სულ 7 კალათა).

საქართველოს ნაკრები წილისყრის წინ მე-4 კალათაშია განთესილი კიდევ 9 გუნდთან ერთად. სანამ კალათებზე უშუალოდ ვისაუბრებდეთ, მანამდე, საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ უფრო დეტალურად:

შესარჩევ ეტაპზე უეფას წევრი 53 ქვეყანა ითამაშებს, რომლებიც 10 ჯგუფში განაწილდებიან, საიდანაც 7 ჯგუფი 5 გუნდისგან შედგება (A-დან G ჯგუფამდე), ხოლო 3 ჯგუფი 6-გუნდიანი იქნება (H-დან J ჯგუფამდე). ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან პირველი და მეორეადგილოსნები ავტომატურად გავლენ. ასე რომ, 20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს და ისინი მასპინძელ გერმანიას შეუერთდებიან, ხოლო დანარჩენი 3 საგზურის მფლობელის ვინაობა ერთა ლიგის პლეი ოფის მეშვეობით გაირკვევა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება. ტურნირის მასპინძელი გერმანია შესარჩევში მონაწილეობას, ბუნებრივია, არ მიიღებს, ისევე, როგორც რუსეთი, რომელიც უეფამ ლოგიკურად დასაჯა.

შესარჩევის ჯგუფური ეტაპის წილისყრამდე ნაკრები გუნდები კალათების მიხედვით ასე არიან განაწილებულები (ერთა ლიგის და პირველ კალათას პრაქტიკულად ერთი და იგივე დატვირთვა აქვთ):

🟠 ერთა ლიგის კალათა: ხორვატია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი. I კალათა: ბელგია, დანია, პოლონეთი, პორტუგალია, შვეიცარია, უნგრეთი.

🟠 II კალათა: საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი.

🟠 III კალათა: უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი.

🟠 IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები, ჩრდ. მაკედონია.

🟠 V კალათა: სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, მალტა.

🟠 VI კალათა: ანდორა, ლიხტენშტაინი, სან მარინო.

აქვე, მაინც აღვნიშნოთ, რომ ერთა ლიგის და პირველი კალათის გუნდები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. განსხვავება ისაა, რომ ერთა ლიგის კალათში მყოფი გუნდები აუცილებლად 5-გუნდიან ჯგუფში (A-დან D ჯგუფამდე) მოხვდებიან, ხოლო პირველი კალათის წარმომადგენლები E-დან J ჯგუფამდე განაწილდებიან და ისინი შეიძლება, როგორც ხუთ, ისე ექვსგუნდიან ჯგუფში მოხვდნენ.

სომხეთი/აზერბაიჯანი, ბელარუსი/უკრაინა, გიბრალტარი/ესპანეთი, კოსოვო/ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო/სერბეთი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. ანდორა, ლიხტანშტაინი და სან მარინო აუცილებლად 6-გუნდიან ჯგუფში მოხვდებიან (H-J).

ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 14 ივნისს, მიუნხენში გაიხსნება

წილისყრის ცერემონიაში მონაწილეობას ვეტერანი ფეხბურთელები ჯანლუკა ძამბროტა, დემეტრიო ალბერტინი, იურგენ კლინსმანი და კარლ-ჰაინც რიდლე მიიღებენ. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ათივე ტური 2023 წელს ჩატარდება, მარტიდან ნოემბრამდე.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი

I ტური: 23-25 მარტი, 2023 წელი.
II ტური: 26-28 მარტი, 2023 წელი.
III ტური: 16-17 ივნისი, 2023 წელი.
IV ტური: 19-20 ივნისი, 2023 წელი.
V ტური: 7-9 სექტემბერი, 2023 წელი.
VI ტური: 10-12 სექტემბერი, 2023 წელი.
VII ტური: 12-14 ოქტომბერი, 2023 წელი.
VIII ტური: 15-17 ოქტომბერი, 2023 წელი.
IX ტური: 16-18 ნოემბერი, 2023 წელი.
X ტური: 19-21 ნოემბერი, 2023 წელი.

ერთა ლიგის პლეი ოფი (A, B და C დივიზიონი)

ნახევარფინალები: 21 მარტი, 2024 წელი.
ფინალები: 26 მარტი, 2024 წელი.

ევრო 2024-ს გერმანიის 10 ქალაქი უმასპინძლებს, რომლებიც უეფამ სამ ე.წ კლასტერად დაყო – ჩრდილოეთი/ჩრდილო აღმოსავლეთი (ბერლინი, ჰამბურგი, ლაიპციგი), დასავლეთი (დორტმუნდი, დიუსელდორფი, გელზენკირხენი, კიოლნი) და სამხრეთი (ფრანკფურტი, მიუნხენი და შტუტგარტი). ამგვარად, თითოეულ ჯგუფში მატჩები მხოლოდ ორ კლასტერში ჩატარდება, რაც გუნდებისა და გულშემატკივრებისთვის მასპინძელ ქალაქებს შორის მგზავრობას გააადვილებს.

ევრო 2024-ის გახსნის მატჩი 14 ივნისს, მიუნხენში, "ალიანც არენაზე" გაიმართება, ხოლო ფინალი ერთი თვის თავზე, 14 ივლისს, ბერლინში, "ოლიმპიაშტადიონზე" ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები