Thumbnail
  • გიორგი მაკარიძის დებიუტი პონფერადინაში ალბისეტესთან მატჩში შედგა
  • 30 წლის მეკარემ კარი მშრალად შეინახა და გუნდს სამი ქულა მოაპოვებინა
  • გოლკიპერმა განვლილ მატჩსა და მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა 

გიორგი მაკარიძემ, რომელიც სეზონის წინ ლა ლიგა 2-ის პონფერადინას შეუერთდა, გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი სულ ახლახან გამართა. ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის მე-6 ტურში პონფერადინა სტუმრად ალბასეტეს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, სტუმართა კარში კი სწორედ 30 წლის ქართველი მეკარე იდგა.

აღსანიშნავია, რომ პონფერადინამ ალბასეტესთან მოგებით წაგებათა სამმატჩიანი სერია შეწყვიტა, ამ მატჩში მაკარიძე კი, რომელმაც გუნდის ძირითადი მეკარე, ირანელი ამირი შეცვალა, ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. ეს შეფასება AS-ს ეკუთვნის, რომელმაც გიორგის სტატია მიუძღვნა სათაურით: "მაკარიძემ თავისი შანსი გამოიყენა".  

"ქართველი დამაჯერებელი იყო თავის მოქმედებებში და პონფერადინას კარის მშრალად შენახვა შეძლო, რაც გუნდისთვის პირველია ბოლო 6 თვის განმავლობაში. მომავალ შაბათს მაკარიძეს უკვე საშინაო თამაშში დებიუტის საშუალება ექნება. ამის მიზეზი არამხოლოდ "კარლოს ბელმონტეზე" ჩატარებული კარგი მატჩია. პონფერადინას არ ეყოლება ამირი, რომელიც ირანის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული", - წერს გამოცემა.

დებიუტი თავად მაკარიძემაც შეაფასა, რომელიც ოთხშაბათს გამართული ვარჯიშის შემდეგ კლუბის პრესცენტრში წარსდგა.

"ალბასეტეში კარში მე რომ დავდგებოდი, მწვრთნელისგან ვიცოდი და არც გამკვირვებია, რადგან იმისთვის ვვარჯიშობ, რომ ვითამაშო. მე და ამირს მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვცდილობთ, ყოველთვის მზად ვიყოთ გუნდის დასახმარებლად, დანარჩენი კი მწვრთნელის გადასაწყვეტია. არ მგონია, რომ ამირს ვაჯობე, კარგი თამაშები მასაც ჰქონდა.  

ძალიან ბედნიერები ვართ, რომ წარუმატებელი სერია შევწყვიტეთ. მნიშვნელოვანი იყო ისიც, თუ როგორ მოვიგეთ. არცთუ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ კარგია, რომ გამარჯვება მაინც მოვახერხეთ. 

რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ტენერიფეს ბოლო თამაში ვნახე. როგორც შარშან, წელსაც საკმაოდ კარგად შეკრული გუნდია. ვნახოთ, რა იქნება", - თქვა ქართველმა მეკარემ. 

პონფერადინა ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 6 მატჩში 3-3 მოგება და მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში, 24 სექტემბერს, მაკარიძის გუნდი ტენერიფეს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები