Thumbnail

'დიდი ხანია, ნაკრებში ასეთი ატმოსფერო არ ყოფილა'- რა თქვა სანიოლმა მატჩის წინ

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგება ან ფრე და საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გადავა! უმნიშველოვანესი მატჩის წინ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გურამ კაშიასთან ერთად წარსდგა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...ჩრდ. მაკედონიასთან მატჩზე: არ მგონია, რომ ბუქმეიქერების ფავორიტობა რამეს ნიშნავდეს. ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, რომ მაკედონია ჯგუფის ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, ჩვენზე უკეთესი შედეგები ჰქონდათ. თუმცა, ჩვენ შეჯიბრება კარგად დავიწყეთ, ვლიდერობთ და გვსურს, რომ დარჩენილ 2 მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ჯგუფი მოვიგოთ. იმედგაცრუებულები ვიქნებით, თუ ეს არ მოხდება.

...ტაქტიკაზე:  შეუძლებელია მატჩი ფრეზე ფიქრით დავიწყოთ, მსგავსი რამ არასდროს მუშაობს. პირველი ადგილის შენარჩუნების საუკეთესო გზა იმ ფეხბურთის თამაშია, რომელსაც ივნისში ვაჩვენებდით. თავი კარგად უნდა დავიცვათ, ხოლო როცა ბურთს მოვიპოვებთ, ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ. აზარტული არ ვარ, ფსონებს არ ვდებ, ჩემთვის ფეხბურთი პირველ რიგში სპორტია და აქ ყველას აქვს შანსი. თუ ისეთ დისციპლინას ვაჩვენებთ, რაც ზაფხულში იყო, მჯერა სასურველ შედეგს მივაღწევთ.

...შემადგენლობაზე: ძნელია იმის თქმა, როგორ ფორმაში არიან ფეხბურთელები ზაფხულთან შედარებით, რადგან მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ. განსხვავებული დროა, პერიოდი, როგორც ჩვენთვის, ისე მაკედონიისთვის. თუმცა, გუშინდელ ვარჯიშზე კმაყოფილი დავრჩი. გუნდში 23 ფეხბურთელი და რამდენიმე ალტერნატივა მაქვს. უპირატესობას, ცხადია, იმ ფეხბურთელებს მივანიჭებ, რომლებიც საკუთარ გუნდებში სულ გამოდიან და მაღალი ინტესივობით 90 წუთის განმავლობაში თამაში შეუძლიათ.

...გუნდში ატმოსფეროზე: ფეხბურთელები კარგ განწყობაზე არიან, ისინი ბოლომდე იხარჯებიან და ეს აძლევს მათ შანსს, უკეთ ითამაშონ, მეტი გარისკონ. დიდი ხანია ნაკრებში ასეთი ატმოსფერო არ ყოფილა. თუმცა, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელები გყავს, შესაძლოა, 1-2 მოგების შემდეგ მოეშვან. ზედმეტად კარგი განწყობა საშიშიც არის და ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ მსგავს საკითხებს გავუმკლავდეთ და თითოეულ მატჩში წარმატების მისაღწევად ვიბრძოლოთ.

...წამყვან ლიგებში მოთამაშე ლეგიონერებზე: როცა მწვრთნელი ხარ, გიხარია, რომ შენი მოთამაშეები უმაღლეს დონეზე გამოდიან, რადგან გამოცდილებას იძენენ. როცა მე საქართველოს ნაკრებში მუშაობა დავიწყე, მაშინ სხვა სიტუაცია იყო. დღეს ფეხბურთელები იტალიის სერია A-ში თამაშობენ, ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგაზეა. კვარაცხელია, მამარდაშვილი, დავითაშვილი საქართველოში აღიზარდნენ. თუ მეტ გოგონასა და ბიჭს გავზრდით, მეტი ითამაშებს საუკეთესო ლიგებში. 

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი)

...ლოჩოშვილზე: დიდი პროფესიონალია და ძალიან ბევრს შრომობს. ლუკამ კარიერაში უდიდესი ნაბიჯი გადადგა და ისეთ ჩემპიონატში გამოვიდა, სადაც თამაში ძალიან რთულია. მისი 3 მატჩი ვნახე და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. იმედია, პროგრესს განაგრძობს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშს შეძლებს. ლუკაზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია.

...ჩრდ. მაკედონიასთან ფინალზე: არ მინდა მაკედონიასთან თბილისში გამართული ბოლო შეხვედრის გახსენება. ძალიან ცუდი ვითარება იყო მაშინ, როგორც ფეხბურთში, ისე ქვეყანაში. არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ახლა გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და წარსულზე არ ვფიქრობთ.

...ჩაკვეტაძეზე: ჩაკვეს კარგად არ ვიცნობდი, მას მხოლოდ ნაკრებში ვხედავდი. ახლა კი ვიცი, რომ ძალიან პროფესიონალია, სულ დარბაზშია. ზოგჯერ შეიძლება ისე ჩანდეს, რომ არ შრომობს, მაგრამ ასე არაა. გიორგი ფეხბურთით ცხოვრობს, უბრალოდ დიდი დრო გაუცდა და გარკვეული პერიოდი სჭირდება. თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და იმედი მაქვს, ძველ დონეზე თამაშს შეძლებს.

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში 4-იდან 3 მატჩი მოიგო (გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0), ერთი კი ფრედ დაასრულა (ბულგარეთთან 0:0) და 10 ქულით ჯგუფის ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის გუნდს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე).

შეგახსენებთ, რომ C ჯგუფების გამარჯვებულები, B ლიგის საგზურთან ერთად, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალის საგზურსაც მოიპოვებენ და 2024 წლის მარტში გერმანიაში მოსახვედრად იბრძოლებენ, თუკი მანამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურს შესარჩევიდან არ გაინაღდებენ. ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფში პირველობის საკმაოდ დიდი შანსი აქვს და ამისთვის შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ თამაშიც ჰყოფნის.

კომენტარები

ბოლო ამბები