Thumbnail

საქართველოს ნაკრებისთვის ჩრდილოეთ მაკედონია რიგითი, ჩვეულებრივი მეტოქე არ არის.

ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში მარცხის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოსთვის ყველაზე პრინციპულ მეტოქეთა კატეგორიაში შევიდა. ამიტომაც, თქვა ნიკა კვეკვესკირმა მატჩის წინ: "სიმბოლურია, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან უნდა მოხდეს".

ეს სიტყვები თავისთავად გადმოსცემს იმ ბრაზს და სინანულს, რომელიც ჯერ კიდევ არ განელებულა და ალბათ, არც განელდება, სანამ საქართველოს ნაკრები დიდი ტურნირის ფინალური ეტაპის კარს არ შეაღებს. ამის პირველი შანსი ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან აქვს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში თავის ჯგუფს 4 ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერობს და 3 ქულით უსწრებს ჩრდილოეთ მაკედონიას. იმისათვის, რომ ვილი სანიოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავოს და შესაბამისად, მომდევნო ერთა ლიგაზე B დივიზიონში გადავიდეს და თან ევრო 2024-ის პლეი ოფის საგზური გაიფორმოს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში ფრეც საკმარისი იქნება.

უეფას დებულებით, თანაბარ ქულებზე გადამწყვეტი ურთიერთშეხვედრებია. ამდენად, ვინაიდან საქართველომ ივნისში, სკოპიეში მეტოქეს 3:0 მოუგო, „დინამო არენაზე“ ქულაც საკმარისი იქნება. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრებს წაგების შემთხვევაშიც (ცხადია არა სამი ან მეტი სხვაობით) დიდი შანსი ექნება პირველობის, რადგან ბოლო ტურში ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტარს ხვდება და იქ მოგებაც ეყოფა. თუმცა წაგებაზე ფიქრი, რა თქმა უნდა, მიუღებელია და არც უნდა ვიფიქროთ.

საქართველოს ნაკრებში მატჩის წინ კარგი განწყობაა
📸 | NAKREBI.GE

ივნისში, 10-დღიან ინტერვალში სანიოლის გუნდს ერთა ლიგაზე 4 მატჩის ჩატარება მოუწია და ძალიან მჭიდრო გრაფიკის გამო არსებობდა შიში, რომ გუნდი ფიზიკურად ვერ გაუძლებდა 4 თამაშს, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ძნელი გასახსენებელია, როდის ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდს ასეთი ნაყოფიერი სანაკრებო ფანჯარა.

საქართველოს ნაკრებმა საწყის სამ ტურში გიბრალტარს (4:0), ბულგარეთსა (5:2) და ჩრდილოეთ მაკედონიას (3:0) უშანსოდ, ძალიან დამაჯერებელი და ლამაზი ფეხბურთით მოუგო. მართალია, ბოლო მატჩში ბულგარეთთან გამარჯვებების სერია ვერ გაგრძელდა (0:0), მაგრამ სამაგიეროდ, გრძელდება წაუგებელი სერია. საქართველოს ნაკრები ბოლოს გასული წლის ოქტომბერში დამარცხდა (საბერძნეთთან ბათუმში) და მას მერე 9 მატჩი ისე ჩაატარა, რომ 7 მოიგო, ორჯერ კი ფრეს დასჯერდა.

ამ 9 თამაშში გუნდმა კარი მშრალად 7-ჯერ (!) შეინახა და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა. ეროვნულ გუნდს შეუძლია, მაკედონიასთან არწაგებით 10-მატჩიანი წაუგებელის სერია დააფიქსიროს, რითაც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას დამყარებული რეკორდი გამეორდება (2010 წლის). ზოგადად, სექტემბრის ორივე თამაშს საქართველო თუ წაუგებლად ჩაატარებს, ისტორიაში სულაც საუკეთესო დაუმარცხებელი სერია ექნება.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს პრაქტიკულად იდეალური შემადგენლობით ხვდება. ყოველ შემთხვევაში ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ვინც ფრანგმა სპეციალისტმა გამოიძახა. ფეხბურთელების უმეტესობა კარგ ფორმაშია. განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია, რომლის იტალიური კარიერა ნაპოლიში გადაუჭარბებლად შთამბეჭდავად დაიწყო. გამოსაყოფია გიორგი მამარდაშვილის დამაჯერებელი თამაშიც, მაგრამ არც სხვა მოთამაშეების ფორმას დაეწუნება რამე, მაგალითად, გიორგი მიქაუტაძემ და ბუდუ ზივზივაძემ სეზონის სტარტზე გოლები საკმარისად გაიტანეს. ამგვარად, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებისგან მოლოდინი ძალიან დიდია.

რაც შეეხება მეტოქეს: ჩრდილოეთ მაკედონიას ევრო 2020-ის შემდეგ მცირე ჩავარდნა აქვს და არასტაბილურ შედეგებს აჩვენებს, თუმცა მაინც სახიფათო გუნდია. საკმარისია გავიხსენოთ, რომ მაკედონიელებმა მიმდინარე წლის მარტში მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში იტალია დაამარცხეს და "სკუადრა აძურა" სპორტული ტრაგედიის წინაშე დააყენეს. შედეგად, ეს არის გუნდი, რომელთანაც მოდუნება წამითაც არ შეიძლება და რომელსაც შეუძლია 90 წუთი დაცვაში მწყობრი თამაში, მერე კი ერთი კონტრშეტევის გამოყენება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს კონცენტრაციის დაკარგვის უფლება წამითაც არ აქვს.

10 ივნისს, სკოპიეში საქართველომ 3:0 მოიგო და იმ თამაშში ბუდუ ზივზივაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ჩრდილოეთ მაკედონია თბილისში დანაკლისით ითამაშებს: ბლაგოია მილევსკის გუნდს დარკო ჩურლინოვი (ბარნლი), არიან ადემი (დინამო ზაგრები), სტეფან რისტოვსკი (დინამო ზაგრები) და ვალონ ეტემი (ისტანბულსპორი) ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან. მიუხედავად პრობლემებისა, ჩრდილომაკედონიელი ფეხბურთელები მატჩისწინა განცხადებებიდან ჩანს, რომ ოპტიმისტურ განწყობაზე არიან და თბილისში 3 ქულის მოპოვებას გეგმავენ.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ხვიჩა კვარაცხელიასა და ელიფ ელმასის ‘დუელიც’ - ისინი ნაპოლიში თანაგუნდელები არიან და მიმდინარე სეზონის სტარტზე შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი კონკურენტებიც, რადგან ლუჩანო სპალეტი ხვიჩას თითქმის ყოველთვის მაკედონიელით ცვლიდა. ორივე მოთამაშე თავიანთი გუნდების გამორჩეული ლიდერები არიან და რა გასაკვირია, რომ მინდორზე ბევრი რამ მათზე იქნება დამოკიდებული.

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ისტორიაში პირველად 2 წლის წინ, 2020 წლის სექტემბერში შეხვდა, თუმცა მას მერე ეს გუნდები ერთმანეთს უკვე მეხუთედ შეხვდებიან. წინა ოთხ მატჩში სრული თანაფარდობაა: თითო მოგება-წაგება და 2 ფრე (ბურთების ბალანსი 5:3-ზე საქართველოს სასარგებლოდ).

⚽ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ეროვნულმა გუნდმა ბოლოს საბერძნეთთან წააგო (0:2). ნაკრების რეკორდი 10-მატჩიანი წაუგებელი სერიაა (თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით). ასე რომ, სანიოლის გუნდს რეკორდის გამეორების შანსი აქვს, ხოლო გიბრალტართან დამყარების შანსი ექნება.

⚽ საქართველოს ნაკრებმა 267 მატჩი ითამაშა: 83 გამარჯვება, 57 ფრე, 127 მარცხი. 308:373 ბურთები.

⚽ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა 16 მატჩში 9 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 1 დათმო. 30:10 ბურთების ბალანსი.

⚽ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1-ში გაუშვა გოლი პირველ ტაიმში.

⚽ საქართველოს ნაკრებს შინ 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (3 მოგება, 1 ფრე). სანიოლის გუნდმა ბოლოს საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან წააგო და ზოგადად, მას მერე მარცხი საერთოდ არ განუცდია.

⚽ გურამ კაშია ნაკრებში 99-ე მატჩისთვის ემზადება ერთადერთი თამაში დარჩება ლევან კობიაშვილისა და ჯაბა კანკავას მიღწევის გასამეორებლად.

⚽ ხვიჩა კვარაცხელიას 8 გოლი აქვს გატანილი და ის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა ათეულში უკვე შესულია. 8-8 გოლი აქვთ დავით სირაძეს და გიორგი ქინქლაძესაც. ხვიჩამ 8 გოლი 17 მატჩში მიითვალა და გამოდის, რომ პრაქტიკულად ყოველ ორ სანაკრებო მატჩში ერთი გოლი გააქვს.

⚽ ვაკო ყაზაიშვილი თუ გაიტანს, საქართველოს ნაკრების ყველა დროის გოლეადორებში თორნიკე ოქრიაშვილს გადაასწრებს და მე-4 ადგილზე ერთპიროვნულად გადავა. ვაკოს აქტივში ამჟამად 13 გოლია, უკეთესი შედეგი მხოლოდ შოთა არველაძეს (26), თემურ ქეცბაიასა (17) და ალექსანდრე იაშვილს (15) აქვთ.

⚽ საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ჩრდილოეთ მაკედონიის ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ამ გუნდების 4 დაპირისპირებაში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ორჯერ ორივემ გაიტანა. 4-დან ორი თამაში 1:1 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-2-1): ლორია - კვერკველია, კაშია, ხოჭოლავა - კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი - დავითაშვილი, კვარაცხელია - ზივზივაძე.

ჩრდ. მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი -  აშკოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი - ატანასოვი, ბარდი, სპიროვსკი, ელმასი - ბაბუნსკი, მიოვსკი.
ტრავმა: რისტოვსკი, ჩურლინოვი, ეტემი, ადემი.

კომენტარები

ბოლო ამბები