Thumbnail

მე-8 წაგება აკი ბაშოზე - ტოჩინოშინი უარყოფით ბალანსს ვერ გადაურჩება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძე მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტთან იორიკირით დამარცხდა
  • 34 წლის ქართველ სუმოისტს ახალ რეიტინგში წოდებაში დაქვეითება ელის

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე მე-8 მარცხი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფით ბალანსსა და შესაბამისად, წოდებაში ვარდნას ვერ გადაურჩება.

ტოჩინოშინი აკი ბაშოს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა და 3 დღის თავზე 2 მოგება ჰქონდა, თუმცა, მას მერე 9-დან მხოლოდ ორ ორთაბრძოლაში იმარჯვა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. 

დღეს, ქართველი სეკიტორი დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ჰირადოუმის გაეჯიბრა და ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტთან ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, იორიკირით წააგო.

არადა, ტოჩინოშინმა კარგად დაიწყო, მეტოქე დოჰიოსკენ დაიქნია და თითქოს გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა, 22 წლის იაპონელმა კონტრიერიში წამოიწყო და ქართველი სუმოისტი ტავარას მიღმა აღმოჩნდა.

როგორც აღვნიშნეთ, ტოჩინოშინის მაჩვენებელი 4 მოგება და 8 მარცხია და ახლა, იმისთვის უნდა იბრძოლოს, რომ წოდებაში ვარდნა რაც შეიძლება მცირე იყოს. ამისთვის, დარჩენილი 3 შეხვედრის მოგებაა საჭირო.

ლევან გორგაძის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელთანაც ქართველ სუმოისტს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია გააჩნია და მას 11:10-ს უგებს.

📺 ტოჩინოშინი V ჰირადოუმი

კომენტარები

ბოლო ამბები