Thumbnail

'ნუ გეშინიათ ძლიერი ქალის' - კარიმის სოლიდარობა ირანელ პროტესტანტებს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ალი კარიმიმ ირანის ქუჩებში გამოსულ ხალხს თანადგომა გამოუცხადა
  • ქვეყანაში პროტესტი 22 წლის გოგონას გარდაცვალებას მოჰყვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

16 სექტემბერ, ირანის დედაქალაქ თეირანში ახალგაზრდა გოგონა მაჰსა ამინის გარდაცვალებას ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა და ქუჩაში გამოსულ პროტესტანტებს სოლიდარობა მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ნახევარმცველმა, ალი კარიმიმ გამოუცხადა. 

22 წლის მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ საჯარო სივრცეში ჰიჯაბის გარეშე ყოფნის გამო დააკავა და როგორც ოფიციალურ ტექსტში განაცხადეს, მაჰსა ცუდად პოლიციის შენობაში გახდა, ძირს დაეცა, რის შემდეგ 2 დღე კომაში იყო და გარდაიცვალა. თვითმხილველები კი ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა გოგონა პოლიციელებმა სცემეს და თავი ავტომობილზე რამდენჯერმე დაარტყმევინეს. კლინიკამ, რომელშიც ამინი ოფიციალურად გარდაიცვალა, ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საავადმყოფოში მიყვანისას გოგონა გარდაცვლილი იყო, სიკვდილის მიზეზი კი თავის ტვინის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები გახლდათ. მოგვიანებით, ეს პოსტი სოციალური ქსელიდან გაქრა. 

ალი კარიმი დემონსტრაციაში ჩაერთო, იქამდე კი ტვიტერზე დაწერა: "ნუ გეშინიათ ძლიერი ქალების. შესაძლებელია, ერთ დღეს ისინი ჩვენი ქვეყნის არმიაშიც ვიხილოთ." აღნიშნული პოსტის გარდა, კარიმი ტვიტერზე სხვადასხვა მოწოდებას ავრცელებს. 

ირანის თეოკრატიული რესპუბლიკის ყველა დიდ ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, რომელიც ქალთა მიმართ სისასტიკის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. პროტესტანტები ქვეყნის სულიერი (რეალურად, პოლიტიკურიც) ლიდერი აიათოლა ხომეინის სასახლეშიც შეიჭრნენ. შეტაკებებს ირანის მასშტაბით ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები