Thumbnail
  • 📅 23 სექტემბერი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ჩრდ. მაკედონია
  • მაკედონიური მედია ხვიჩა კვარაცხელიასა და ელიფ ელმასზე წერს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურში პრინციპულ მეტოქეს, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩის ერთ-ერთი ინტრიგა ხვიჩა კვარაცხელიას და ელიფ ელმასის პირადი დუელია.

ისინი ნაპოლიში თანაგუნდელები არიან. უფრო მეტიც: შეიძლება ითქვას, პირდაპირი კონკურენტები. მიმდინარე სეზონში ლუჩანო სპალეტი აქცენტს პრაქტიკულად მუდმივად ქართველზე აკეთებს, ხოლო ელმასს სათამაშო წუთები მხოლოდ მატჩის მიწურულს ეძლევა, როცა როგორც წესი, ხვიჩას ცვლის ხოლმე. გარდა ამისა: თუ კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავია, ელმასს იგივე სტატუსი თავის სამშობლოში აქვს.

კვარა მიმდინარე სეზონში ნაპოლის ახალი ლიდერია

ჩრდილომაკედონიურმა გამოცემა sportmedia-მ სტატია სწორედ ამ საკითხზე გამოაქვეყნა. როგორც ვკითხულობთ, მათი აზრით, "ელმასს შეუძლია, ყველას უჩვენოს, რომ კვარაცხელია მეტი არაფერია, თუ არა, მხოლოდ ლუჩანო სპალეტის პირველი არჩევანი".

Sportmedia: "ელიფ ელმასი ჩვენი აქტივია მრავალი წლის განმავლობაში. ბრილიანტი, რომელიც აწმყოსა და მომავალში ჩვენი ნაკრების ლიდერი უნდა იყოს. ნაპოლის ფეხბურთელმა ეს კარგად იცის და ლიდერობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. შესაძლოა, ახლა მისთვის ეს ცოტა უფრო რთული იყოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნაპოლიში მუდმივად ძირითადში ვერ ხვდება, უფრო მეტიც, მხოლოდ პირველი ან მეორე შემცვლელის როლი აქვს.

ამის მიზეზი ჩვენი ნაკრებისთვის ხვალინდელ შეხვედრაში ყველაზე დიდი საფრთხეა. მას ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია და ნაპოლის ახალი ვარსკვლავია, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და ამ სეზონში უკვე 7 გოლში მიიღო მონაწილეობა. ის ელიფ ელმასის პოზიციაზე თამაშობს, ნაპოლის მარცხენა ფლანგზე და ამჟამად ფანტასტიკურ ფორმაშია, რის გამოც ელმასი კლუბში იმ სათამაშო წუთებს იღებს, რომელიც მის ხარისხსა და პოტენციალს არ შეესაბამება.

ნაპოლიში ასეთი მდგომარეობაა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მას 'საპასუხო' შანსი აქვს. ელიფი ნამდვილად ჩვენი 'პირველი ვიოლინოა' და ეს მხოლოდ მოტივაცია უნდა იყოს მისთვის, რათა ხვალ საუკეთესო იყოს. დაე, მან აჩვენოს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ ლუჩანო სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეც ეყოფა საიმისოდ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს და შესაბამისად, ევრო 2024-ის პლეი ოფში გავიდეს, ამასთან, ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში აღზევდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები