Thumbnail
  • ტომა ერტელმა სიტყვა გატეხა და კონტრაქტი ზენიტთან გააფორმა
  • ახლა, მას სანაკრებო ტურნირების მიღმა დარჩენა ემუქრება

საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ ულტიმატუმი წაუყენა ნაკრების გამთამაშებელ ტომა ერტელს, რომლის თანახმადაც თუკი ეს უკანასკნელი სანკტ-პეტერბურგის ზენიტის მაისურით ერთხელ მაინც ითამაშებს, ეროვნულ გუნდთან დამშვიდობება მოუწევს.

ცნობისთვის, 33 წლის მცველმა რუსულ კლუბთან 1+1 სისტემით კონტრაქტი ორიოდ დღის წინ გააფორმა, რასაც საფრანგეთში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. საქმე ის გახლავთ, რომ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტის წინ ყველა მოთამაშეს ხელი მოაწერინა საბუთზე, რომლის თანახმადაც ისინი რუსეთსა და ბელარუსში თამაშზე უარს ამბობდნენ.

შედეგად, ტომა ევროპის ჩემპიონატზე ფრანგების 12-კაციან განაცხადში მოხვდა და 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა (საშუალოდ 25.2 წუთი, 10.4 ქულა, 2.4 მოხსნა, 7.1 პასი, 1.1 ჩაჭრა). ფრანგმა კალათბურთელმა ესპანეთის ნაკრებთან წაგებულ ფინალშიც ითამაშა (16 ქულა, 7 პასი) და ცხადია ვერცხლის მედალიც ერგო, ევრობასკეტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში კი მიცემული პირობა ურცხვად დაარღვია.

“თუკი ერტელი რუსულ კლუბში მაინც ითამაშებს, გამოდის, რომ მის მიერვე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს. ამ შემთხვევაში, ის მონაწილეობას ვერ მიიღებს მომდევნო საერთაშორისო შეჯიბრებებში, მათ შორის კი, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში”, - ნათქვამია საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

საინტერესოა, რომ თავად ტომა ერტელი ადასტურებს, რომ აღნიშნულ საბუთზე ხელი მოწერილი აქვს, თუმცა, პირობას რატომ არღვევს, ამაზე არაფერი უთქვამს.

კომენტარები

ბოლო ამბები