Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ საქართველოსთან გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მეტოქე გუნდის მწვრთნელი რთულ შეხვედრას ელის, თუმცა საკუთარი ნაკრების იმედი აქვს.

ბლაგოია მილევსკი (ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...ნაკრებში არსებულ ვითარებაზე: 2020 წელსაც და მუნდიალის შესარჩევშიც კარგი გუნდი გვყავდა, იტალიასაც მოვუგეთ. ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშება რთულად დავიწყეთ. ბევრი პრობლემა გვქონდა, ტრავმების გამო, არაერთი ფეხბურთელი დაგვაკლდა. გუნდში ახლაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს. რთულ სიტუაციაში ყოფნის მიუხედავად, მიხარია, რომ ჯგუფის მოგების შანსს ვინარჩუნებთ. ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავიმარჯვოთ და საბოლოო ჯამში, მიზანს მივაღწიოთ ანუ პირველი ადგილი დავიკავოთ.

...ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზე: პირველ რიგში, მე ჩემი გუნდის შესაძლებლობებზე ვარ ფოკუსირებული. ვთვლი, რომ ყურადღების გამახვილება მთლიანად საქართველოს ნაკრებზეა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია.

ეჟჯან ალიოსკი (ჩრდ. მაკედონიის ნაკრების კაპიტანი)

...საქართველოსთან თამაშზე: აქ ოცნება ავიხდინეთ, კარგად მახსოვს ეს სტადიონი. თუმცა ის წარსულია, ახლა ახალი მიზნისთვის ვთამაშობთ. არ აქვს მნიშვნელობა, ტრიბუნებზე რამდენი ხალხი იქნება, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. შინ წაგება არასასიამოვნო იყო, მაგრამ ძლიერი გუნდი გვყავს. ხვალ უნდა ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია. აქ იმისთვის ვართ, მივიღოთ ის, რასაც ვიმსახურებთ".

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში 4-იდან 3 მატჩი მოიგო (გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0), ერთი კი ფრედ დაასრულა (ბულგარეთთან 0:0) და 10 ქულით ჯგუფის ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის გუნდს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე).

შეგახსენებთ, რომ C ჯგუფების გამარჯვებულები, B ლიგის საგზურთან ერთად, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალის საგზურსაც მოიპოვებენ და 2024 წლის მარტში გერმანიაში მოსახვედრად იბრძოლებენ, თუკი მანამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურს შესარჩევიდან არ გაინაღდებენ. ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფში პირველობის საკმაოდ დიდი შანსი აქვს და ამისთვის შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ თამაშიც ჰყოფნის.

კომენტარები

ბოლო ამბები