Thumbnail
  • MARCA გიორგი მამარდაშვილის პროგრესზე წერს
  • ქართველმა მეკარემ ერთ წელიწადში ყველაფრის შეცვლა მოახერხა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა და სტატიაში მის პროგრესზე დაწერა. მადრიდული გაზეთი იხსენებს ზუსტად ერთი წლის წინ ჩატარებულ მატჩს, რომელშიც გიორგიმ შეცდომები დაუშვა და ამის გამო 4 თვე უთამაშებლად გაატარა, თუმცა, მობილიზება მოახერხა და გუნდის პირველი მეკარის სტატუსი დაიბრუნა.

"22 სექტემბერს გიორგი მამარდაშვილისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ქართველმა მეკარემ სულ რაღაც ერთი წლის წინ ვალენსიაში ყველაზე რთული მომენტი გამოიარა, რაც ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვად დაუჯდა და ოთხი თვე უთამაშებლად გაატარა. ეს იყო "სანჩეს პისხუანზე" სევილიასთან მატჩი, რომელიც ვალენსიამ 1:3 წააგო და ქართველი მეკარის პოზიციები შეარყია. ბორდალასმა მას შანსი მისცა რეალთან წინა ტურში მარცხის შემდეგ, მაგრამ სევილიაში გაშვებული მორიგი გოლი ქართველი მეკარის სასჯელი გახდა.

ეჭვებიდან, რომელიც ახალგაზრდა მეკარის მიმართ მაშინ გაჩნდა, ერთ წელიწადში აღარაფერი დარჩა. ის კლუბის აღმავალ ღირებულებად იქცა და ახლა უკვე გაუვალ კედლად მიიჩნევა. არადა, სრული 4 თვე ჩრდილში იყო. მონდომებისა და ამბიციურობის ხარჯზე, მამარდაშვილმა დიდი ნახტომი გააკეთა და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა. შედეგად, ბორდალასმა თასის ფინალშიც ის დააყენა.

მამარდაშვილთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებიც დაიწყო და ამ პროცესს 4 თვე დასჭირდა. ახალი ხელშეკრულება გაუმჯობესებული პირობებით მან ერთ წელიწადში მიიღო. თითქმის 22 წლის მეკარე ახლა ლა ლიგაში საუკეთესოებშია. მან იცოდა როგორ მოეშუშებინა ჭრილობები და იცოდა, რაზე უნდა ეფიქრა, რომ ოცნება რეალობაც ექცია", - წერს გამოცემა.

გიორგის ესპანეთში ძალიან კარგი პრესა აქვს

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 5 გოლი გაუშვა, 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა და ლა ლიგაში დარტყმების 78.3% მოიგერია. რამდენიმე დღის წინ ვალენსიამ მასთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აქვე ვთქვათ, რომ ლა ლიგამ ბოლო ორი ტურის (მე-5 და მე-6) საუკეთესო მოგერიებად სწორედ მამარდაშვილის "სეივები" დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები