Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წარმომადგენლები ძალიან უკმაყოფილო დარჩნენ იმ ფაქტით, რომ მათ გუნდს საქართველოსთან მატჩის წინ ვარჯიშის გადადება მოუწიათ, მიზეზი კი სტადიონზე დაგვიანება გახდა. უფრო შორს წავიდა მაკედონიური Sportmedia, რომელმაც მომხდარი ქართული მხარის პროვოკაციად მონათლა, თამაშის ორგანიზების დონე კი “სოფლის კოოპერატივს” შეადარა.

“ჩვენს ნაკრებს მატჩისწინა ვარჯიში ძალიან დაუგვიანდა, რისი მიზეზიც გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. გუნდის ავტობუსი სტადიონამდე მისვლას ერთი საათი მოუნდა და ისე გამოვიდა, რომ დანიშნულების ადგილას 45 წუთით გვიან მივიდა. აღნიშნულით აშკარად უკმაყოფილო სჩანდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბლაგოია მილევსკიც, რომელიც თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას აქცევს და ასეთი მოულოდნელობები ძალიან არ უყვარს. შესაძლოა, ჩავთვალოთ, რომ ეს ქართული მხარის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია გახლდათ ანაც უბრალოდ ცუდი ორგანიზება იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი მილიონიანი ქალაქია და მისთვის უზარმაზარი საცობები ჩვეულებრივი რამაა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ვარჯიშზე 45 წუთი დააგვიანა

ისე, რეალურად რა ხდება ავტობუსებთან დაკავშირებით თბილისში? როგორ შეიძლება, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრები ვარჯიშზე 45 წუთით დააგვიანო? მართლაც გაუგებარია. ნუთუ არ შეიძლება ესკორტი გამოყო ან ტრანსპორტი პოლიციის თანხლებით გადადგილდეს? ასე კი, თბილისში და მთელს საქართველოში საქმის ამგვარი ორგანიზება სოფლის კოოპერატივის დონეს გვაგონებს. შეგახსენებთ, რომ წლეულს 10 ივნისს ავტობუსთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა ბულგარეთის ნაკრებსაც. სწორედ საქართველოსთან მატჩის წინა დღეს, სტუმართა სატრანსპორტო საშუალება ავარიაში მოჰყვა, როდესაც თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში მიდიოდა. მაშინ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ყველაზე მძიმედ კი ტოდორ ნედელევი იყო, რომელიც ფეხბურთის თამაშს დღემდე ვერ ახერხებს”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში 4-იდან 3 მატჩი მოიგო (გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0), ერთი კი ფრედ დაასრულა (ბულგარეთთან 0:0) და 10 ქულით ჯგუფის ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის გუნდს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე).

C დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები B ლიგის საგზურთან ერთად, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალის საგზურსაც მოიპოვებენ და 2024 წლის მარტში გერმანიაში მოსახვედრად იბრძოლებენ, თუკი მანამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურს შესარჩევიდან არ გაინაღდებენ. ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფში პირველობის საკმაოდ დიდი შანსი აქვს და ამისთვის შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ თამაშიც ჰყოფნის.

კომენტარები

ბოლო ამბები