Thumbnail

უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დღეს დაუპირისპირდება და როგორც ჩანს, მატჩის წინ სტუმართა რიგებში საკადრო პრობლემებმა იმატა.

როგორც მაკედონიური მედია წერს, უკვე სამი დღეა სიცხე აქვს გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ თავდამსხმელს, ალეკსანდარ ტრაიკოვსკის. შესაბამისად, მისი თამაშის ალბათობა ძალიან მცირეა. გარდა ამისა, გუშინდელ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო ცენტრალურმა მცველმა დარკო ველკოვსკიმ, რომლის თამაშიც ასევე საეჭვოა.

ამგვარად, არაა გამორიცხული, ბლაგოია მილევსკის გუნდს დარკო ჩურლინოვის (ბარნლი), არიან ადემის (დინამო ზაგრები), სტეფან რისტოვსკისა (დინამო ზაგრები) და ვალონ ეტემის (ისტანბულსპორი) შემდეგ კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში 4-იდან 3 მატჩი მოიგო (გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0), ერთი კი ფრედ დაასრულა (ბულგარეთთან 0:0) და 10 ქულით ჯგუფის ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის გუნდს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე).

C დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები, B ლიგის საგზურთან ერთად, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალის საგზურსაც მოიპოვებენ და 2024 წლის მარტში გერმანიაში მოსახვედრად იბრძოლებენ, თუკი მანამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურს შესარჩევიდან არ გაინაღდებენ. ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფში პირველობის საკმაოდ დიდი შანსი აქვს და ამისთვის შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ თამაშიც ჰყოფნის.

კომენტარები

ბოლო ამბები