Thumbnail

რამდენიმე წუთში საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი დაიწყება: ეროვნული გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ეთამაშება. ვილი სანიოლის გუნდს C4 ჯგუფში პირველი ადგილის გასანაღდებლად ფრეც ჰყოფნის, მაგრამ ამ თამაშის მოგებას მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევრო 2024-ის პლეი ოფისთვის, რომელშიც მხოლოდ ჯგუფების პირველადგილოსნები გადიან, მათ შორის საუკეთესოები კი ნახევარფინალურ მატჩებს საკუთარ მოედნებზე ჩაატარებენ. გარდა ამისა, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გადავა.

ახლახან ცნობილი გახდა გუნდების ძირითადი შემადგენლობები. როგორც მოსალოდნელი იყო, სანიოლმა ისევ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა აირჩია. აღსანიშნავია, რომ კარში გიორგი მამარდაშვილი დგას. ძირითად შემადგენლობაში არ არის ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე კი მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა. როგორც გავარკვიეთ, ჩაკვეტაძეს ტემპერატურა აქვს.

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, ხოჭოლავა - კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი - დავითაშვილი, კვარაცხელია - ზივზივაძე.

სათადარიგოები: ლორია, შოვნაძე, მექვაბიშვილი, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე, ჩაბრაძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, მამუჩაშვილი, გიორბელიძე, მიქაუტაძე.

ჩრდ. მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი - ზაიკოვი, მუსლიუ, დ. ველკოვსკი, ალიოსკი - ელმასი, ბარდჰი, სპიროვსკი, აშკოვსკი - მიოვსკი, მ. რისტოვსკი.

დღეს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი უნდა გაინაღდოს
📸 | NAKREBI.GE

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში 4-იდან 3 მატჩი მოიგო (გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0), ერთი კი ფრედ დაასრულა (ბულგარეთთან 0:0) და 10 ქულით ჯგუფის ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის გუნდს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე).

C დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები, B ლიგის საგზურთან ერთად, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალის საგზურსაც მოიპოვებენ და 2024 წლის მარტში გერმანიაში მოსახვედრად იბრძოლებენ, თუკი მანამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურს შესარჩევიდან არ გაინაღდებენ. ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფში პირველობის საკმაოდ დიდი შანსი აქვს და ამისთვის შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ თამაშიც ჰყოფნის.

კომენტარები

ბოლო ამბები