Thumbnail

'ზაფხულში არ დაუსვენია' - გიორგი შერმადინი ახალ სეზონს ტრავმით ხვდება

გიორგი შერმადინს ტრავმა აქვს და ამის გამო შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატის სტარტის გამოტოვებაც მოუხდეს.

33 წლის ცენტრმა, რომელიც ლენოვო ტენერიფეს ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოსვლის შემდეგ დაუბრუნდა, პირველ მოსამზადებელ შეხვედრაში გრან კანარიასთან კი ითამაშა, მაგრამ მეორეში მოედანზე აღარ გამოჩენილა. 

ესპანური მედიის ცნობით, გიორგის პრობლემა მარჯვენა ფეხის წვივზე შეექმნა, რის გამოც გუნდს გრან კანარიაზე აღარ გაჰყვა და ფიზიოთერაპიის კურსს გადის. კლუბის ექიმები შიშობენ, რომ გიორგის ესპანეთის 2022/23 წლების ჩემპიონატის სასტარტო მატჩის გამოტოვება მოუწევს, რომელიც ტენერიფე 29 სექტემბერს, სტუმრად მანრესასთან ჩაატარებს. 

"გიორგი შერმადინის ტრავის მიზეზი შესაძლოა, მის მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული დიდი რაოდენობით მატჩიც იყოს. ფიბას ფანჯრისა და ევრობასკეტის გამო, გასულ ზაფხულს გიოს პრაქტიკულად არ დაუსვენია", - ნეწერს Eldia

გიორგი შერმადინი ტენერიფეს ლიდერია

გიორგი შერმადინი ტენერიფეში 2019 წლიდან გამოდის, წელს კი მასთან ერთად საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. ლიგა ენდესას 2021/22 წლების სეზონში ქართველი ცენტრი საშუალოდ 24,0 წუთში 15,2 ქულას და 5,8 მოხსნას და 1,0 პასს ითვლიდა. 

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე, რომლის მასპინძელიც იყო, მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და პლეი ოფში ვერ გავიდა. გიომ მონაწილეობა ნაკრების ხუთივე მატჩში მიიღო და საშუალოდ 23.8 წუთი, 10.6 ქულა, 6.0 მოხსნა, 1.0 პასი და 1.4 დაფარება ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები