Thumbnail

ესპანეთის ქალთა ნაკრები 15-მა ფეხბურთელმა მწვრთნელის გამო დატოვა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ესპანეთის ქალთა ნაკრების 15 მოთამაშე მწვრთნელის გაშვებას ითხოვს
  • ფედერაცია ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს

ასეთი რამ ალბათ არცერთ ნაკრებში, არასდროს მომხდარა: ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების 15-მა მოთამაშემ (!) გამოაცხადა, რომ ეროვნულ გუნდს ტოვებენ!

მათ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას (RFEF) ერთნაირი წერილები გაუგზავნეს - წერენ რომ ნაკრებიდან მიდიან და მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან, როცა მთავარი მწვრთნელი ხორხე ვილდა თანამდებობას დატოვებს. გოგონებს ეროვნულ გუნდში არსებული ვითარება არ მოსწონთ და ეს მნიშვნელოვნად აისახება მათ ემოციურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ უარი განაცხადა ამბოხებული ფეხბურთელების მოთხოვნის შესრულებაზე და მათ თავიანთი შეცდომის აღიარებისკენ და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოთამაშეებს სანქციებით დაემუქრა.

ხორხე ვილდა ესპანეთის ქალთა ნაკრებს 2015 წლიდან წვრთნის

"RFEF არ აპირებს მოთამაშეებს დაეთანხმოს და გაათავისუფლოს ნაკრების მწვრთნელი, რომლის დანიშვნა ან მოხსნა ფეხბურთელების გადასაწყვეტი არ არის. ეს ფაქტი სპორტული საკითხიდან ღირსების საკითხად გადაიქცა. არჩევანი შეთანხმებას არ ექვემდებარება. ეს ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო ვითარებაა. ეროვნულ გუნდს სჭირდება მოთამაშეები, რომლებიც ერთგულნი არიან პროექტის მიმართ, იცავენ ჩვენს ფერებს და ამაყობენ ესპანეთის ნაკრების მაისურის ტარებით. ფეხბურთელები, რომლებმაც ეს მოთხოვნა წამოაყენეს, ეროვნულ გუნდში იმ შემთხვევაში დაბრუნდებიან თუ ისინი აღიარებენ თავიანთ შეცდომას და ითხოვენ პატიებას". - ვკითხულობთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ხორხე ვილდა ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებს 2015 წლიდან წვრთნის. 2022 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისში გაიმართა, 41 წლის სპეციალისტის გუნდი ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ესპანელებმა ტურნირი ნაადრევად, მეოთხედფინალში მასპინძელ და შემდეგ უკვე ტურნირის გამარჯვებულ ინგლისთან განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ დატოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები