Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ისევ დაამარცხა და ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა.

ვილი სანიოლის გუნდმა მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონში ასპარეზობის უფლება და რაც მთავარია, ევრო 2024-ის პლეი ოფის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა მაკედონიელთა ძლევა თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით მოახერხა (2:0) და რაც მთავარია, წაუგებელი სერია გააგრძელა. ნაკრებს ახლა 10 მატჩია არ წაუგია, რაც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს დამყარებული რეკორდის გამეორებას ნიშნავს.

თამაში დაბალ ტემპში დაიწყო, ბურთს კი ჩრდილოეთ მაკედონია ფლობდა. ლოგიკურიც იყო, რომ პირველი საგოლე მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როცა მე-20 წუთზე სტეფან სპიროვსკის შორეული დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია. საქართველოს ნაკრებს კი ნახევარი საათის განმავლობაში ძალიან უჭირდა გააზრებულად თამაში და განსაკუთრებით შემტევი სამეულის პასებით მომარაგება.

თავიდან ჩრდილში იყო ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც ფლანგის შეცვლა მოუწია, რომ თამაშში უფრო აქტიურად ჩართულიყო. ვილი სანიოლის გუნდმა პირველად კარში 35-ე წუთზე დაარტყა და რეალური საგოლე მომენტიც შექმნა: გიორგი აბურჯანიას შორეული დარტყმა სტოლე დიმიტრიევსკიმ კუთხურზე მოიგერია. სწორედ ამ კუთხურს მოჰყვა გოლი, რითაც მასპინძლები დაწინაურდნენ - კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა გაითამაშეს ბურთი, რის შემდგომაც ხვიჩა კარის გასწვრივ გააკეთა პასი და დაცვის დასახმარებლად ჩასულმა სტუმართა თავდამსხმელმა ბოიან მიოვსკიმ ავტოგოლი გაიტანა. გოლმა თამაშის სურათი შეცვალა და საქართველოს ნაკრები ტაიმის ბოლო წუთებში გაცილებით უკეთესი იყო, ორი საკმაოდ კარგი მომენტიც შექმნა, მაგრამ ჯერ ზივზივაძემ და მერე დავითაშვილმა ზუსტად ვერ დაარტყეს. ტაიმიც 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევარი ჩრდილომაკედონიელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო და სტუმრებმა საწყის 10 წუთში რამდენიმე მწვავე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ხან მამარდაშვილი იყო კარგი, ხანაც სტუმრები არაზუსტად ურტყამდნენ. საპასუხოდ, კვარაცხელიამ გაისროლა შორი მანძილიდან და კარს მცირედით ააცილა. 64-ე წუთზე კი სანიოლის გუნდმა უპირატესობა გააორმაგა, რაშიც ზივზივაძის წვლილი განუზომელია. ქართველმა ფორვარდმა მოედნის ცენტრში მეტოქის პასი ისე ჩაჭრა, რომ მეკარესთან პირისპირ გასვლა მოახერხა და დარტყმაც შეეძლო, მაგრამ პასი გაუკეთა კვარაცხელიას, რომელმაც ცარიელ კარში შეაგდო და სხვაობა გაზარდა.

ბუდუ ზივზივაძეს შესანიშნავი თამაში ჰქონდა

ზოგადად, ზივზივაძეს დიდებული თამაში ჩაატარა და 72-ე წუთზე უკვე საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა მაკედონიელთა პასი, მეტოქეც მოატყუა და მთელი მოედანი გაირბინა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვერ გაიტანა. არადა, რომ გაეტანა, უბრალოდ საოცარი გოლი იქნებოდა. დარჩენილ დროში ერთი მაგარი ბურთი მამარდაშვილმაც მოიგერია და საბოლოოდ სანიოლის გუნდმა მეტოქეს 2:0 აჯობა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებს 5 ტურში 13 ქულა აქვს და როგორც ვთქვით, უკვე გაინაღდა, როგორც ევრო 2024-ის პლეი ოფში თამაში, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება, ისე მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონში ასპარეზობაც. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის ბოლო ტურში 26 სექტემბერს, გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საინტერესო ფაქტები

საქართველოს ნაკრებს 11 თვეა არ წაუგია: 10 თამაში, 8 მოგება, 2 ფრე, 0 მარცხი. ეს საქართველოსთვის პირადი რეკორდის გამეორებაა. 2010-2011 წლებში თემურ ქეცბაიას გუნდმა ასევე 10 მატჩი არ წააგო (5 მოგება, 5 ფრე). ახლა, სანიოლის გუნდს გიბრალტართან ექნება შანსი რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში მე-9 გოლი გაიტანა (18 მატჩში) და მე-10 ადგილზე ერთპიროვნულად გადაინაცვლა. მან დავით სირაძესა და გიორგი ქინქლაძეს გადაასწრო.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა 17 მატჩში 10 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 1 დათმო. 32:10 ბურთების ბალანსი.

საქართველოს ნაკრებს შინ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (4 მოგება, 1 ფრე). სანიოლის გუნდმა ბოლოს საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან წააგო და ზოგადად, მას მერე მარცხი საერთოდ არ განუცდია.

გურამ კაშიამ ნაკრებში 99-ე მატჩი ჩაატარა და ერთადერთი თამაში რჩება ლევან კობიაშვილისა და ჯაბა კანკავას მიღწევის გასამეორებლად.

საქართველოს ნაკრებმა 268 მატჩი ითამაშა: 84 გამარჯვება, 57 ფრე, 127 მარცხი. 310:373 ბურთები.

⚽ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ისტორიაში პირველად 2 წლის წინ, 2020 წლის სექტემბერში შეხვდა, თუმცა მას მერე ეს გუნდები ერთმანეთს უკვე მეხუთედ შეხვდნენ. საქართველოს უპირატესობა აქვს: 2 მოგება, 1 წაგება და 2 ფრე (ბურთების ბალანსი 7:3-ზე საქართველოს სასარგებლოდ).

საქართველო 2:0 ჩრდ. მაკედონია

გოლები: 1:0 მიოვსკი (35. საკ-კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, ხოჭოლავა (72. ლოჩოშვილი) - კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (86. მამუჩაშვილი), წიტაიშვილი (72. აზაროვი) - დავითაშვილი (78. მექვაბიშვილი), კვარაცხელია - ზივზივაძე (78. მიქაუტაძე).

ჩრდ. მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი - ზაიკოვი, მუსლიუ, დ. ველკოვსკი (73. სერაფიმოვი), ალიოსკი - აშკოვსკი (68. ტოდორსკი), ბარდი (84. ელეზი), სპიროვსკი (68. ტრაიკოვსკი), ელმასი - მიოვსკი, მ. რისტოვსკი (73. ათანასოვი).

კომენტარები

ბოლო ამბები