Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ისევ დაამარცხა და ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა.

ვილი სანიოლის გუნდმა მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონში ასპარეზობის უფლება და რაც მთავარია, ევრო 2024-ის პლეი ოფის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა მაკედონიელთა ძლევა თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით მოახერხა (2:0) და რაც მთავარია, წაუგებელი სერია გააგრძელა. ნაკრებს ახლა 10 მატჩია არ წაუგია, რაც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს დამყარებული რეკორდის გამეორებას ნიშნავს.

მატჩის შემდეგ, მაკედონიელთა მთავარ მწვრთნელ ბლაგოია მილევსკის პრესკონფერენციაზე ქართველ ჟურნალისტებთან ბევრი არ უსაუბრია, მაკედონიელებს კი ბევრი რამ უთხრა. 

ბლაგოია მილევსკი (მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი)

...თამაშზე და მსაჯებზე: 'როცა საქართველოს ნაკრების დონის გუნდს ეთამაშები, თავდაჯერებულობა აუცილებელია. თუმცა, არ მგონია, რომ ზედმეტად თავდაჯერებულები ვიყავით. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ, კონკრეტულ შემთხვევებში არ გაგვიმართლა. ზოგადად, შეხვედრის მსაჯობით უკმაყოფილო ვართ, თუმცა ეპიზოდებზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებთ."

...თამაშის ანალიზი: "ვულოცავ საქართველოს ნაკრებს პირველ ადგილს და პლეი ოფში მოხვედრას. შემიძლია, ჩემი ბიჭებით ვიამაყო, მათი თამაშით, მაგრამ იგივენაირად წავაგეთ - საკუთარი შეცდომების გამო. ვფიქრობ, ბევრად მეტი დავიმსახურეთ. განსხვავებით სკოპიეში გამართული მატჩისგან, როცა მხოლოდ ერთი ტაიმი ვიყავით კარგები, დღეს 90 წუთის განმავლობაში დომინანტები ვიყავით. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი ისევ ვერ გავიტანეთ".

...მომენტების გამოუყენებლობაზე: "ინდივიდუალური შეცდომების ბევრი მიზეზი არსებობს, თუნდაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნით დაწყებული. ფეხბურთელები ჩვენთან დიდ დროს ვერ ატარებენ და ალბათ, ამაზე კლუბებში უნდა იმუშაონ. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილო ვერ ვიქნები, მომენტები, რომელიც შევქმენით, შემთხვევით არ მოსულა. თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრად მეტი კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ".

...ველკოვსკის შეცდომაზე: "დარკო ველკოვსკის ვერაფერს დავაბრალებ, პირიქით, შეცდომები ფეხბურთის ნაწილია. მას მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს ჩემგან და მთელი გუნდისგან, ყველაზე მძიმე მისთვისაა. ჩემთვის გუნდი დგას პირველ ადგილზე, ამიტომ, არასდროს გამოვყოფ, ვინ იყო ყველაზე ცუდი მოთამაშე ან საუკეთესო. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია, დღეს ნაჩვენები თამაშით ვიამაყოთ".

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტარში გამართავს.

საქართველო 2:0 ჩრდ. მაკედონია

გოლები: 1:0 მიოვსკი (35. საკ-კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, ხოჭოლავა (72. ლოჩოშვილი) - კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (86. მამუჩაშვილი), წიტაიშვილი (72. აზაროვი) - დავითაშვილი (78. მექვაბიშვილი), კვარაცხელია - ზივზივაძე (78. მიქაუტაძე).

ჩრდ. მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი - ზაიკოვი, მუსლიუ, დ. ველკოვსკი (73. სერაფიმოვი), ალიოსკი - აშკოვსკი (68. ტოდორსკი), ბარდი (84. ელეზი), სპიროვსკი (68. ტრაიკოვსკი), ელმასი - მიოვსკი, მ. რისტოვსკი (73. ათანასოვი).

კომენტარები

ბოლო ამბები