Thumbnail

'ფეხბურთი ჭადრაკივით ლოგიკური თამაში არ არის' - რა თქვა სანიოლმა მატჩის შემდეგ

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ისევ დაამარცხა და ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა.

ვილი სანიოლის გუნდმა მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონში ასპარეზობის უფლება და რაც მთავარია, ევრო 2024-ის პლეი ოფის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა მაკედონიელთა ძლევა თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით მოახერხა (2:0) და რაც მთავარია, წაუგებელი სერია გააგრძელა. ნაკრებს ახლა 10 მატჩია არ წაუგია, რაც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს დამყარებული რეკორდის გამეორებას ნიშნავს.

მატჩის შემდეგ, სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. 

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფზე: "ჯერ პლეი ოფზე ფიქრი არ მსურს. მინდა, გამარჯვებით ვისიამოვნოთ. ცხადია, B დივიზიონში გადასვლა და პლეი ოფის საგზურის მოპოვება დიდი წარმატებაა. თუმცა, მე იმაზე ვფიქრობ, რასაც გუნდმა ბოლო 6-8 თვეში მიაღწია და ეს მახარებს."

...მაკედონიასთან თამაშზე: "მაკედონიელებისთვის ბურთის მიცემა ჩვენს გეგმებში არ ყოფილა. მოწინააღმდეგემ, წინა მატჩებთან შედარებით, განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა, ჩვენს ფეხბურთელებს მეტოქის ახალ სისტემასთან შესაგუებლად გარკვეული დრო დასჭირდათ. გარკვეული ზეწოლა მოთამაშეებზე იყო, რადგან შანსი გვქონდა მოგვეგო და პლეი ოფის საგზური გაგვენაღდებინა. როგორც გუშინ ვთქვი, მაკედონია კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და სავსებით ნორმალურია, რომ გარკვეულ ეპიზოდებში უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა, მიმაჩნია, რომ სტრუქტურა და დისციპლინა არ დაგვიკარგავს. გუნდი სწავლობს, როგორ ინერვიულოს ცოტათი და შემდეგ უკვე ეს ემოცია დადებითად გამოიყენოს."

'ბურთს სწრაფად ვერ ვამოძრავებდით, რითაც მაკედონიელები სარგებლობდნენ, თუმცა გატანილმა გოლმა ყველაფერმა შეცვალა'

...გიბრალტართან ბოლო ტურის მატჩზე: "რაც შეეხება გიბრალტართან მატჩში შემადგენლობას: ვნახოთ, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს. აქ სოციალური მოქმედებებისთვის არ ვარ. ჩემი მიზანია, ის კოლექტივი გამოვიყვანო, რომელიც მოიგებს და თუ ამისთვის 5 ან 8 ფეხბურთელის შეცვლა იქნება საჭირო, ამ ნაბიჯს გადავდგამთ. ძალიან მნიშვნელოვანია გიბრალტართან თამაშის მოგება, მაგრამ შემადგენლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას შეხვედრის დღეს, დილით მივიღებ."

...მაკედონიელთა საწყის უპირატესობაზე: "ზოგჯერ, შეხვედრას გარკვეული გეგმითა და იდეით იწყებ, მაგრამ მეტოქიდან გამომდინარე მოწინააღმდეგესთან ადაპტირება გიწევს. რამდენიმე ფეხბურთელი ზეწოლას განიცდიდა და ბურთს სწრაფად ვერ ვამოძრავებდით, რითაც მაკედონიელები სარგებლობდნენ, თუმცა გატანილმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. ფეხბურთი ჭადრაკივით ლოგიკური თამაში არაა და შესაძლოა, მოწინააღმდეგემ გარკვეულ მომენტებში გაჯობოს. მაკედონიელებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, თუმცა 100%-იანი საგოლე შანსი არ ჰქონიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ დავბნეულვართ და გეგმას საჭირო დოზით მივყვებოდით."

...გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ: "ჩაკვეს დილით კუჭი სტკიოდა და სიცხე ჰქონდა. უნდა დაველოდოთ, როგორ იგრძნობს თავს. თუ ხვალ დილამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, ჩვენთან ერთად გიბრალტარში ვერ გამოფრინდება. კარგ ფორმაშია, თამაშს იმსახურებს, თუმცა უნდა ვნახოთ, როგორ იქნება ხვალ დილით.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტარში გამართავს.

საქართველო 2:0 ჩრდ. მაკედონია

გოლები: 1:0 მიოვსკი (35. საკ-კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, ხოჭოლავა (72. ლოჩოშვილი) - კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (86. მამუჩაშვილი), წიტაიშვილი (72. აზაროვი) - დავითაშვილი (78. მექვაბიშვილი), კვარაცხელია - ზივზივაძე (78. მიქაუტაძე).

ჩრდ. მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი - ზაიკოვი, მუსლიუ, დ. ველკოვსკი (73. სერაფიმოვი), ალიოსკი - აშკოვსკი (68. ტოდორსკი), ბარდი (84. ელეზი), სპიროვსკი (68. ტრაიკოვსკი), ელმასი - მიოვსკი, მ. რისტოვსკი (73. ათანასოვი).

კომენტარები

ბოლო ამბები