- ერთა ლიგის C დივიზიონიდან პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია
- საქართველოსთვის გიბრალტართან თამაში მაინც უმნიშვნელოვანესია
- მისია შესრულებულია: ნაკრები B დივიზიონში და ევრო 2024-ის პლეი ოფშია
- 'ფეხბურთი ჭადრაკივით ლოგიკური თამაში არ არის' - რა თქვა სანიოლმა მატჩის შემდეგ
UPDATE: საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ისევ დაამარცხა და ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა. ზოგადად, C დივიზიონის ოთხივე ჯგუფში პირველი ადგილის ბედი უკვე გადაწყვეტილია და ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოსთან ერთად, საბერძნეთი, თურქეთი და ყაზახეთი გავიდნენ. ახლა მხოლოდ ისაა გასარკვევი, ვინ როგორი შედეგით დაასრულებს ჯგუფურ ეტაპს და ეს მნიშვნელოვანია, რადგან:
🟠 პლეი ოფის ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მე-4 შედეგის მქონეს შეხვდება. შესაბამისად, მეორე და მესამე გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან. იმავე ნახევარფინალში საუკეთესო ორი შედეგით გასული გუნდები საკუთარ მოედანზე ითამაშებენ.
თურქეთის ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს (ბურთების ბალანსი 17:3-თან) და ბოლო ტურში სტუმრად ფარერების ნაკრებს შეხვდება. ასევე 13 ქულა აქვს ყაზახეთს, მაგრამ ბურთების ბალანსი არცთუ სახარბიელო (8:3), ბოლო მატჩს კი გასვლაზე აზერბაიჯანთან გამართავს. საბერძნეთის ნაკრების აქტივში 12 ქულაა და ამ შემთხვევაში ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანი აღარ არის, ხოლო საქართველოს 13 ქულა აქვს ბურთების ბალანსით - 14:2.
🟠 საქართველოს ნაკრებს მინიმუმ მეორე შედეგის საჩვენებლად ბოლო ტურში გიბრალტართან მოგება სჭირდება, სულ მცირე მინიმალური სხვაობით და თუ სანიოლის გუნდი გიბრალტარში 3 ქულას მოიპოვებს, პლეი ოფის ნახევარფინალს უდიდესი ალბათობით, თბილისში ჩაატარებს. მართალია, ყაზახეთსაც 13 ქულა აქვს და ბოლო ტურში რომ მოიგოს, ბურთების ბალანსის დათვლა გახდება საჭირო, მაგრამ ამ მხრივ, საქართველოს სანერვიულო არ აქვს, რადგან ბურთების +12 ბალანსი გააჩნია (გიბრალტართან თუ მოიგებს, ბუნებრივია ყველაზე ცუდ შემთხვევაში +13 ექნება), ხოლო ყაზახეთის ბურთების ბალანსი დღეისთვის მხოლოდ +5 გახლავთ, საქართველოზე უკეთესი შედეგის საჩვენებლად კი აზერბაიჯანთან სტუმრად წარმოუდგენელი ანგარიშით მოგება (მინიმუმ 8:0) დასჭირდება, რაც შეიძლება ითქვას, გამორიცხულიცაა. ცხადია, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საქართველოს გიბრალტარში ფრეც ეყოს პირველადგილოსნებს შორის მინიმუმ მეორე შედეგის დასაფიქსირებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში საბერძნეთმა და ყაზახეთმაც ვერ უნდა მოიგონ.
ამდენად, საქართველოს ნაკრების ამოცანა გიბრალტარში ასეთია: გამარჯვება - ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება, მთავარი 3 ქულაა. სანიოლის შეგირდები თუ ამ მისიას შეასრულებენ, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ნახევარფინალში შინ თამაშის უფლებას მიიღებენ. გასარკვევი ისღა იქნება, ვისთან მოუწევთ თამაში.
აი, მაგალითად, დღევანდელი მონაცემებით ნახევარფინალური წყვილები ასეთი იქნებოდა: თურქეთი V საბერძნეთი და საქართველო V ყაზახეთი. თუმცა წინ ბოლო ტურია და არაა გამორიცხული ცვლილებები მოხდეს. ბოლო ტურის განრიგი ასეთია:
ფარერები V თურქეთი (25 სექტემბერი)
აზერბაიჯანი V ყაზახეთი (25 სექტემბერი)
გიბრალტარი V საქართველო (26 სექტემბერი)
საბერძნეთი V ჩრდ. ირლანდია (27 სექტემბერი)

კიდევ ერთი დეტალი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პლეი ოფამდე გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპი და თუ პლეი ოფის რომელიმე გუნდი (საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი), იქიდან მოახერხებს ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას, პლეი ოფში აღარ ითამაშებს და მის ადგილს ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს (ამ კუთხითაც ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა).
პლეი ოფი 2024 წლის მარტში გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონში ითამაშებს. გარდა ამისა, გუნდს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (8 მოგება, 2 ფრე), რითაც 2011 წელს დამყარებული პირადი რეკორდი განმეორდა. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის ბოლო ტურში 26 სექტემბერს, გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდება.
კომენტარები