ფეხბურთი რთული სპორტია. მისი თამაში ბევრნაირად შეიძლება. ბევრნაირად თამაშს კი კლასი სჭირდება. კლასი და ცოდნა. კარგად თამაშით რამდენჯერ წაგვიგია, ხომ გახსოვთ?! როდის ვიგებდით, ესეც გვახსოვს - ძირითადად მაშინ, როცა ემოციური და ფსიქოლოგიური წნეხი გუნდს მოხსნილი ჰქონდა და სატურნირო მიზნების გარეშე, თავისუფლად თამაშობდა.
ასე მოვუგეთ შვედეთს, შოტლანდიას 15 წლის წინ და კარგი ამხანაგურებიც მოგვიგია. ეს აუტსაიდერის მოგებაა. სხვა საქმეა, როცა მოსაგებად უნდა გახვიდე, 60 000 გულშემატკივრის წნეხი გაქვს სტადიონზე და სამი მილიონი ადამიანის იმედს და მოლოდინს მხრებზე ატარებ. სხვა საქმეა, როცა თან მოსაგები გაქვს, სახლში ხარ, ემოციაა, ეიფორიაა, ერთა ლიგის ფინალის გამო რევანშის ამბავია და თან 1 ქულა გჭირდება, ანუ, ძალიან გარისკვის უფლებაც არ გაქვს. ხელწამოსაკრავი გუნდი არც ჩრდილოეთ მაკედონიაა. სტუმრად 0:3 თუ ცივი შხაპი იყო, ახლა საომრად და საბრძოლველად ჩამოვიდნენ. ბალკანურად მებრძოლი, პროვოკაციული და მოუხერხებელი მეტოქეა - იტალიას და გერმანიას შემთხვევით ვერ უგებენ.
სანიოლის გუნდმა კლასი აჩვენა. ითამაშა თავის შესაძლებლობებზე ცუდად, სატურნირო თვალსაზრისით ბრძნულად და უჩვეულოდ ცივსისხლიანად. საქართველო არ რისკავდა, არ ჩქარობდა და თავის შანსს ელოდებოდა. 3-4-2-1 ამ სტრატეგიისთვის კარგი სქემაა. კაშია-კვერკველია-ხოჭოლავას სამეული თავის ნახევარზე სივრცეს საერთოდ არ ტოვებდა. ორთაბრძოლებში სამივე ძლიერია, შეტევის დაწყების დროსაც ერთდროულად სამი ცენტრალური მცველის დაპრესინგება რთულია - ისინიც დინჯად იწყებდნენ და ბურთს ძირითადად ერთმანეთში აგორავებდნენ. ლოდინის ხელოვნება კლასის ამბავია. როცა ფრეც გაწყობს და როცა იმედი გაქვს, რომ წინ ხვიჩა გოლს მაინც გააკეთებს, მაშინ ეს საჭირო ხელოვნებაა.

საქართველომ დათმო ტერიტორია - თამაშის 37 პროცენტი საქართველოს ნაკრების მესამედზე წარიმართა (მეტოქის მესამედზე მხოლოდ 17 პროცენტი). საქართველომ დათმო ბურთიც - ბურთის ფლობა 41:59, მეტოქემ თითქმის ორჯერ მეტი პასი შეასრულა (321-559-ის წინააღმდეგ) და საქართველოს პასების სიზუსტე მხოლოდ 76 პროცენტს აღწევდა.
ზოგადად, სანიოლის გუნდს ერთი პოზიციის დროს საშუალოდ მხოლოდ 3 პასის გადაბმა გამოსდიოდა და მერე კარგავდა (მეტოქეს პოზიციის დროს 6 პასი ჰქონდა). დიდწილად, ეს იმის დამსახურება იყო, რომ ნიკა კვეკვესკირს ძალიან მჭიდროდ მეურვეობდნენ. კვეკვე სანიოლის გუნდში ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი ბურთის მოძრაობასა და შეტევის დაწყებაზე. კვეკვესკირის მკაცრი მეურვეობის ფონზე შეტევის დაწყება რთული იყო.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ თამაშს მაინც საქართველო აკონტროლებდა - კლასით. მთელი ამ მოჩვენებითი პოზიციური და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, მაკედონიამ თითქმის ვერ შექმნა მომენტი და საქართველოს დაცვა მშვიდად და სტაბილურად არ ათამაშებდა მეტოქეს. მაკედონიამ თავისი დარტყმების 79 პროცენტი საჯარიმოს გარედან შეასრულა. როდის ურტყამენ მეტოქის კარში 30 მეტრიდან? როცა კართან ახლოს ვერ მიდიან - ეს არის სწორი პასუხი! მაკედონიის ამ ვითომ 18 დარტყმასაც რეალური საგოლე ფასი ძალიან ცოტა ჰქონდა.

ჩვენ ვიცოდით, რომ ხვიჩა გაიტანს. რამდენიმე დღის წინ კვარაცხელიაზე სტატია მქონდა და ზუსტად ამაზე ვწერდით: კვარაცხელიას უნარი აქვს, მისთვის არცთუ ისე წარმატებულ თამაშში შექმნას და მოიგონოს გოლი. ხვიჩას თამაშში შესვლა, თამაშის გრძნობა არ სჭირდება. ზედიზედ სამჯერ შეიძლება დაკარგოს ბურთი, მაგრამ მეოთხეს გაიტანს. მაკედონელები უხეშობდნენ, ხისტადაც თამაშობდნენ და, ზოგადად, ეტყობოდათ, რომ კვარაცხელიას ფაქტორი სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული. ხვიჩას დაკარგვებიც ჰქონდა და თითქოს მისი საუკეთესო თამაში არც იყო. მაგრამ კვარაცხელიამ გამწვავების ადგილი მაინც იპოვა - ფლანგს იცვლიდა და უჩვეულოდ ხშირად გადმოდიოდა მარჯვენა ფლანგზე. პირველი გოლის მომენტიც მარჯვნიდან იპოვა.
ბევრი იშრომა და კარგი იყო ზურიკო დავითაშვილი. მისი დინამიკა, მობილურობა და ხაზებს შორის მოძრაობის უნარი დიდწილად განსაზღვრავს იმას, რომ სანიოლის ეს სქემა მუშაობს. ზურიკოსთან ერთად, გუნდს დაცვის დროს მესამე ნახევარმცველი ჰყავს, შეტევის დროს კი მესამე ფორვარდი. ანუ, თავს 3-5-2-ით ვიცავთ და 3-4-3-ით ვუტევთ. ეს ყველაფერი ზურიკოს მოძრაობის და დინამიკის დამსახურებაა. ზურიკოს დამსახურებაა ისიც, რომ საქართველო შეტევის მარჯვენა ფლანგს უფრო ხშირად იყენებდა, ვიდრე მარცხენას. არადა, პირიქით არის ხოლმე. სანიოლის გუნდისთვის ძირითადი შემტევი ფლანგი, ტრადიციულად, მარცხენაა. ხვიჩას მკაცრი მეურვეობის ფონზე, სივრცე უფრო მარჯვნივ რჩებოდა - საქართველომაც თავისი შეტევების 40 პროცენტი სწორედ მარჯვნიდან წარმართა (მარცხნიდან შეტევების 31 პროცენტი მიდიოდა).

საუკეთესო ბუდუ ზივზივაძე იყო. ბევრი იშრომა, ბევრი ბურთი მიიღო და ნაკრებს შეტევიდან ამოსვლაში ძალიან ეხმარებოდა. ხვიჩას გაატანინა და თავადაც უნდა შეეგდო. გურამ კაშიას ხელმძღვანელობით რომ დაცვა სტაბილური იყო, ამაზე ზემოთ უკვე გითხარით.
საქართველო წნეხის ქვეშ მოხვდა, არ დაიბნა, მოითმინა, მომენტს და სივრცეებს დაელოდა და თამაში ასე ორ დარტყმაში ორით ნოლზე მოიგო. ამას კლასით მოგება ჰქვია და ეს ჩვენი გუნდის ზრდაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასეთ მოგებას ცოდნა სჭირდება. ცოდნა და კლასი, როგორც ზემოთ უკვე გითხარით. მით უმეტეს, სახლში, სავსე ტრიბუნების ფონზე, როცა წნეხიც მეტია და ემოციაც.

B დივიზიონში მივდივართ, ევროპის საგზურისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, მთავარი კი მაინც სხვა ამბავია. ის მოლოდინი, ემოცია და სიხარული, რომლითაც მთელი ქვეყანა ამ გუნდის თამაშს ელოდებოდა. 1 კვირაა, ეიფორიას ვგრძნობ იმ ხალხშიც კი, ვინც მანამდე ფეხბურთის დიდ სიყვარულში არ შემიმჩნევია. ეს არის იმის განცდა, რასაც 'ჩვენი გუნდი' ჰქვია. სიამაყის, მოლოდინის და საკუთარი ძალის განცდა. ამიტომაც უნდა მოგვეგო, მაშინაც კი, როცა ფრეც გვაწყობდა. ამ ქვეყანას ძალიან ცოტა სიხარული აქვს, ამ გუნდს კი შეუძლია, 'ჩვენი გუნდი' იყოს წლების განმავლობაში - მთავარი მისიაც სწორედ ეს არის.
P.S. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რომ არა სტადიონის დახურვის და შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარების მხდალი და სამარცხვინო გადაწყვეტილება და ხვიჩას კოვიდი, ეს გუნდი წინა ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებდა. შანსი არაა, თუნდაც ვაისის ხელში, სავსე სტადიონზე და ხვიჩასთან ერთად ამათთან წაგვეგო. აი, ასე გულშემატკივრულად, მარტივად და უბრალოდ ვიტყვი. ეს ამ თამაშშიც ვნახეთ.
კომენტარები