Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა და ევრო 2024-ის პლეი ოფის საგზური გაინაღდა. ამასთან, ეროვნულმა გუნდმა მომდევნო ერთა ლიგაზე B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა და წაუგებელი სერიაც გააგრძელა (10 მატჩი), რითაც საქართველოს რეკორდი განმეორდა.

გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც ჯერ მეტოქეს გაატანინა საკუთარ კარში, მერე ანგარიშის სხვაობა თავად გაზარდა. იტალიურ მედიაში ხვიჩას თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. აი, რას წერენ იტალიაში კვარაცხელიას მორიგ კარგ თამაშზე.

Corriere Dello Sport: "კვარაცხელიას შოუ საქართველო-მაკედონიის მატჩში: გოლი გაიტანა და ავტოგოლი გამოიმუშავა. ნაპოლის ფანტაზისტა, სუპერ კვარაცხელია თბილისში გამართული შეხვედრის მთავარი გმირი იყო. მან მიოვსკის ავტოგოლი გაატანინა, ხოლო მეორე ტაიმში ცარიელ კარში თავად გაიტანა ზივზივაძის გადაცემით. ამრიგად, ვილი სანიოლის გუნდმა B დივიზიონში გადასვლა გაინაღდა".

Calciomercato: "ნეაპოლიტანელი კვარაცხელიას საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა, მან კი ჯერ მეტოქეს ავტოგოლი გაატანინა, მერე თვითონაც გაიტანა. საქართველო ამ მოგებით ერთი დივიზიონით დაწინაურდა".

Goal Italia: "ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით და ნაპოლის ფეხბურთელის ლიდერობით საქართველოს ნაკრები აგრძელებს გასაოცარი შედეგების ჩვენებას: 2022 წელს გუნდი არ დამარცხებულა. არ შეიძლებოდა ასეთ საღამოს ხვიჩა კვარაცხელიას მთავარი როლი არ ჰქონოდა".

Tuttonapoli: "ერთა ლიგის C დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი, რომელიც ზოგადად, ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობს (გოლი და საგოლე პასი). ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგაზეც ბრწყინავს ეროვნულ ნაკრებში, რომელმაც B დივიზიონის საგზური მოიპოვა. ნაპოლის გარემარბმა ამ ერთა ლიგაზე 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა".

Spazio Napoli: "ხვიჩა კვარაცხელია არასდროს ჩერდება. ნაპოლის 77-ე ნომერი მთავარი გმირია "აძურიში" სეზონის კარგი დასაწყისის, მან ყველა გააოცა თავისი თამაშით. მაგრამ ის მხოლოდ სერია A-ში არ გამოირჩევა: ეროვნული ნაკრების მაისურითაც ბრწყინავს. კვარა გადამწყვეტი იყო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებულ მატჩში".

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფი 2024 წლის მარტში გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონში ითამაშებს. გარდა ამისა, გუნდს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (8 მოგება, 2 ფრე), რითაც 2011 წელს დამყარებული პირადი რეკორდი განმეორდა. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის ბოლო ტურში 26 სექტემბერს, გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები