Thumbnail
  • ერთა ლიგა| იტალია 1:0 ინგლისი, გერმანია 0:1 უნგრეთი
  • ინგლისი დაქვეითდა, უნგრეთის ნაკრებს ვერ აჩერებენ

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს, ისევე, როგორც ევროპის ვიცე-ჩემპიონი ინგლისი. დიახ, გარეთ საუთგეიტის გუნდი A დივიზიონიდან დაქვეითდა.

მილანში, "სან სიროზე" ევროპის ჩემპიონატის ფინალის რიმეიქი შედგა, სადაც იტალიის ნაკრებმა ინგლისი ისევ დაამარცხა. არადა, რობერტო მანჩინის გუნდი, შეიძლება ითქვას, რეორგანიზაციის პროცესშია და გარდა ამისა, ტრავმების გამო ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლდა (მარკო ვერატი, მანუელ ლოკატელი, სანდრო ტონალი, ჩირო იმობილე, დომენიკო ბერარდი, ლორენცო პელეგრინი, ფედერიკო კიეზა), არ იყო ლორენცო ინსინიეც, თუმცა, "სკუადრა აძურას", როგორც წესი, ინგლისთან თამაში არ უჭირს და კიდევ ერთხელ დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი 68-ე წუთზე ნაპოლის თავდამსხმელმა ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, რომელმაც ლეონარდო ბონუჩის პასის მერე დიდებულად ითამაშა და ბრწყინვალე გოლი შეაგდო.

ინგლისმა იტალიასთან ისევ წააგო და B დივიზონში გავარდა

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში უნგრეთმა კიდევ ერთხელ გააოცა საფეხბურთო სამყარო. მარკო როსის გუნდმა გერმანიის ნაკრებს გასვლაზე მოუგო! ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ერთმა და თან ფანტასტიკურმა გოლმა გადაწყვიტა. მე-17 წუთზე ადამ შალაიმ წარმოუდგენელი ეფექტის გოლი გაიტანა, თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში და შვედიც რომ ხელს მოაწერდა.

ჯგუფს, რომელშიც იტალია, გერმანია და ინგლისი არიან, ბოლო ტურის წინ უნგრეთი ლიდერობს! უნგრელებს 10 ქულა აქვთ და პირველი ადგილის ბედი ბოლო ტურში გადაწყდება, როდესაც უნგრეთის ნაკრები იტალიას უმასპინძლებს. უნგრელებს პირველობისთვის ქულაც ეყოფათ, იტალიას კი მხოლოდ მოგება, რადგან მანჩინის გუნდი კონკურენტს 2 ქულით ჩამორჩება. გერმანიას 6 ქულა აქვს და პირველობის შანსი დაკარგა, მაგრამ არც გავარდება, რადგან ინგლისს, რომელსაც ბოლო ტურში შეხვდება, 4 ქულით უსწრებს. აი, ინგლისი კი როგორც ვთქვით, ბოლო ადგილზეა და ქვედა დივიზიონში უკვე დაქვეითდა.

გერმანია 0:1 უნგრეთი

გოლი: 0:1 შალაი (17)

იტალია 1:0 ინგლისი

გოლი: 1:0 რასპადორი (68)

კომენტარები

ბოლო ამბები